გორის რაიონში ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა

სახელმწიფოს მხარდაჭერით, შპს „ალიანს გრუპმა“ ქალაქ გორში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა ააშენა. მეურნეობის ასაშენებლად, ჯამურად, 2,500,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 750,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, ხოლო 600,000 ლარი სახელმწიფო გრანტია. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამაცივრო მეურნეობაში წელიწადში საშუალოდ 1500 ტონამდე ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში, მუდმივად, 30 ადგილობრივია დასაქმებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ოთარ შამუგიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სამაცივრო მეურნეობა დაათვალიერა და საწარმოო პროცესს გაეცნო.

სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“  შიდა ქართლის რეგიონში 26 ახალი საწარმო გაიხსნა. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

მსგავსი თემები