„გირაო 100 ლარიც რომ ყოფილიყო, ნიკა გვარამია არ გადაიხდიდა“ – ულტიმატუმი პროკურატურას

სასამართლოს მხრიდან განახევრებული გირაოს თანხის ოდენობის მიუხედავად, ნიკა გვარამია არც ერთი ლარის გადახდას აპირებს. ასეთია მისი ულტიმატუმი და გადაწყვეტილება. როგორც დაცვის მხარე აცხადებს, ამ შემთხვევაში, მთავარია არა თანხის ოდენობა, არამედ პრინციპულობა.

როგორც ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ  ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებასთან ითანამშრომლებენ, თუმცა, თანხას არ გადაიხდიან.

„არც არის მნიშვნელოვანი თანხა რამდენი იქნებოდა. 100 ლარიც რომ ყოფილიყო, არ გადაიხდიდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნიკა გვარამია არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან. ყველგან, სადაც დაგვიძახებენ, აუცილებლად მივალთ და ყველა კითხვას პასუხს გავცემთ. უბრალოდ, მიგვაჩნია, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რაც აუცილებელია, არ არსებობს ამ საქმეში. ეს არის სრული ბოდვა. სწორედ ამიტომ, ეს გამოყენებული ღონისძიება ჩვენ კანონიერად არ მიგვაჩნია. გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას ძირეულად შეცვლის, არ გვაქვს. ვიცით, ზოგადად, რა მდგომარეობაა სასამართლო“ – აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

რაც შეეხება გირაოს თანხის გადახდის ერთთვიან ვადას, ადვოკატის შეფასებით, რა იქნება 1 თვის შემდეგ, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, რადგანაც, ნიკა გვარამია გირაოს არ გადაიხდის.

მსგავსი თემები