გიორგი გახარია, სამთავრობო პროგრამას და ახალ მინისტრთა კაბინეტს პარლამენტს დღესვე წარუდგენს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში დღესვე მივა, სადაც დეპუტატებს განახლებულ  სამთავრობო პროგრამასა და განახლებულ მინისტრთა კაბინეტს წარუდგენს. როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, მის მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ 3 მინისტრი შეიცვლება.

„ეს ცვლილებები, დარწმუნებული ვარ, გააძლიერებს გუნდს და  მას უფრო ეფექტურს გახდის“, – ასე ახსნა გიორგი გახარიამ მთავრობაში ცვლილებები.

„ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის თითოეულ წევრს, პოლიტსაბჭოს ასეთი მხარდაჭერისთვის. დღეს, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მე წარვადგენ მთავრობის შემადგენლობას და პროგრამას პარლამენტში და მინდა ასევე გითხრათ, რომ მთავრობის შემადგენლობაში იქნება მცირედი ცვლილებები. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს ბატონი ვახტანგ გომელაური, ხოლო თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს ირაკლი ღარიბაშვილი. ეს ცვლილებები გააძლიერებს მთავრობას და გააძლიერებს პოლიტიკურ გუნდს. ლევან იზორია ასევე დაიკავებს მაღალ თანამდებობას ჩვენს გუნდში, ის უხელმძღვანელებს უსაფრთხოების საბჭოს. ეს არის ცვლილებები, რომელიც დარწმუნებული ვარ გააძლიერებს გუნდს და გახდის მას უფრო ეფექტურს, რაც ყველაზე მთავარია. რაც შეეხება პროგრამას, შევხვდებით პარლამენტში და ვისაუბრებთ დეტალურად იქ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები