გია ყანჩელს დაბადების დღე კლინიკაში მიულოცეს (ვიდეო)

დღეს დიდი ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორისა და საქართველოს სახალხო არტისტის, გია ყანჩელის დაბადების დღეა. 

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ულოცავენ გია ყანჩელს 84 წლის იუბილეს კლინიკის თანამშრომლები, სადაც ის მკურნალობს. ბოლო დროს კომპოზიტორი ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივის და ხშირად გადის მკურნალობის კურსს.

გია ყანჩელი მსოფლიოში აღიარებული ქართველი კომპოზიტორია, რომლის ნაწარმოებებს მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ დარბაზში მოისმენთ.  მის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება – ოპერა „და არს მუსიკა“ (1983წ.), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962 წ.); ლარგო და ალლეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963 წ.); „სევდა ნათელი“ – ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.); მუსიკა სპექტაკლებისთვის: „ხანუმა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები). მუსიკა კინოფილმებისთვის: „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მიმინო“, „შერეკილები“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „როცა აყვავდა ნუში“ და სხვა.

გია ყანჩელი უკვე წლებია ბელგიაში ცხოვრობს. ის დღესაც აქტიურად ეწევა შემოქმედებით ცხოვრებას.

მსგავსი თემები