“გვინდა ვიმეგობროთ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეში ჩარევას არ აპირებს. მისი თქმით, ქართველ პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფი, ცდილობს საქართველოში რუსოფობიური განწყობის გაძლიერებას. ლავროვმა აღნიშნა, რომ ასეთი პირები არ ფიქრობენ თავიანთი ხალხის კეთილდღეობაზე, რაც დიდწილად რუსეთთან ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების ხარისხზეა დამოკიდებული.

„ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობა საქართველოს შიდაპოლიტიკური საქმეა და რუსეთი მასში ჩარევას არ აპირებს. თუმცა, არ შეიძლება, არ გვაშფოთებდეს ქართული პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი რადიკალურად განწყობილი წარმომადგენელი, რომლებიც რუსოფობიური განწყობის გაძლიერებასა და ჩვენი ხალხების წაჩხუბებას ცდილობენ. ასეთი მოღვაწენი ნაკლებად ფიქრობენ იმ ზიანზე, რომელსაც საკუთარი ქმედებებით თავიანთ ქვეყანას აყენებენ. ჩვენ გვინდა, ვიმეგობროთ და ვითანამშრომლოთ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ლავროვმა.

​ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობამ სწრაფად უნდა გააცნობიეროს, რომ ანტირუსული ისტერია ზიანის მომტანია.

„ბოლოს და ბოლოს, მნიშვნელოვანია თბილისში მთავრობამ საკუთარ თავში იპოვოს იმის ძალა, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ სამარცხვინო გამოხტომა დაგმოს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში ვითარებას დაასტაბილურებს და რუსების მიმართ „არსებულ საფრთხეებს“ აღკვეთს. სერგეი ლავროვის განმარტებით, თუ ეს ყველაფერი მოხდება, რუსეთის მიერ მიღებული ზომების გადახედვისთვის საჭირო პირობები შეიქნება, მათ შორის, ავიამიმოსვლასთან დაკავშირებულ აკრძალვაზე. 

მსგავსი თემები