გვარამიას ადვოკატის თქმით, მას საქმის მასალები კანონის დარღვევით გადასცეს

“რუსთავი 2”-ის ყოფილი გენდირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურამ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ისე წაუყენა, რომ საგამოძიებო უწყებას საქმის მასალები შესწავლილი არ ჰქონდა.

დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ნიკა გვარამიას ბრალის წაყენების შემდეგ აპირებენ ამოღებული მასალების შესწავლას.

„ზოგადად, პროკურატურის მოვალეობაა, ჯერ გამოიკვლიოს ინფორმაცია და მერე მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც არის ბრალის წარდგენა. თუ საკითხი ეხება ფინანსურ დანაშაულს, ამისთვის აუცილებელია შესაბამისი დასკვნების არსებობა და ამ დოკუმენტაციის გაანალიზება. ჩვენ შემთხვევაში ჯერ ბრალი წაუყენეს და მერე აპირებენ, რომ შეისწავლონ ის მასალა, რაც ამოღებული აქვთ „რუსთავი 2“-დან და „ინტერმედიადან“. ეს ბუნებრივია ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პროკურატურას რეალურად კი არ აინტერესებს გარკვევა საქმეში და მერე გადაწყვეტილების მიღება, არამედ ჯერ იღებს გადაწყვეტილებას და ასრულებს დაკვეთას, შემდგომში შეეცდება, რომ „გააპრავოს“ ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ადვოკატის თქმით, მას დოკუმენტები პროცედურული წესების დარღვევით გადასცეს, დოკუმენტებით სავსე ყუთებიც დაუნომრავი და აღურიცხავი იყო, რაც მისი განცხადებით, საპროცესო კოდექსის მიხედვით დაუშვებელია.

„მნიშვნელოვანია, რომ პროცედურული საკითხებიც კი არ ყოფილა დაცული, მაგალითად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით პროკურორი ვალდებულია ადვოკატს გადასცეს მის ხელთ არსებული მასალა და ამის საფუძველზე უნდა შედგეს ოქმი, ეს არის კანონის მოთხოვნა. თუმცა მე გადმომეცა დოკუმენტაცია, რომლის ნაწილიც დანომრილია, ნაწილი კი უბრალოდ აღურიცხავი და ყუთებშია ჩაყრილი”, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მსგავსი თემები