გვამი იმ მიზნით გაკვეთეს, რომ წამების კვალი წაეშალათ – ექსპერტი ირაკლი კვარაცხელიას გატაცებაზე

ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ გალში გატაცებული, 29 წლის ირაკლი კვარაცხელია წამებით არის მოკლული, მის დაკითხვას აწარმოებდა ფედერალური სამხედრო სამსახურის კონტრდაზვერვა, მათთვის კი, მიღებულია ადამიანის ​მესამე ხარისხის დაკითხვა, რაც მოიცავს წამების ელემენტების გამოყენებას.

როგორც ვახტანგ მაისაიამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, კვარაცხელია რუსეთის სპეცსამსახურების მიერ არის მოკლული და ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ კვარაცხელია დააკავეს არა აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, არამედ რუსმა სამხედროებმა და ის რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.

“როგორც ამ დარგის სპეციალისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს რუსეთის სპეცსამსახურების ტექნოლოგიაა. კვარაცხელიას სიკვდილის რეალური მიზეზის დადგენა არ წარმოადგენს პრობლემას. ის ფაქტი, რომ ის სამხედრო ბაზაზე ჰყავდათ ჩაკეტილი უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ირაკლი კვარაცხელია რუსული მხარის მიერ არის მოკლული. იგი დააკავეს არა აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების სამხედრო უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა, რომელსაც წესითა და რიგით ევალებოდა მისი დაკავება, არამედ რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა. გადაიყვანეს რუსეთის სამხედრო ბაზაზე, რომელიც ფორმალურად არ შედის აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების დაქვემდებარებაში, ერთი დღის შემდეგ, რატომღაც ირაკლი კვარაცხელია თავს იკლავს. ის ან მიიყვანეს თვითმკვლელობამდე, ან აწამეს და ცდილობენ ამის სხვაგვარად წარმოჩენას”, – აცხადებს ექსპერტი.  

ვახტანგ მაისაია პარალელებს ავლებს რუსი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის ციხეში მკვლელობასთან, რაც შემდგომ აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების მოტივად გამოიყენა და აცხადებს, რომ ირაკლი კვარაცხელია ანალოგიური მეთოდით არის მოკლული.

მისივე თქმით, რუსეთის უშიშროებას ახასიათებს მსგავსი მეთოდები, როდესაც ადამიანს შეუგზავნიან დაქირავებულ მკვლელებს, 3 პატიმრის სახით, რომლებიც მერე ახორციელებენ მისი ჩამოხრჩობის იმიტაციას.

“გვამი გაჭრეს იმ მიზნით, რომ წამების კვალი წაეშალათა, რათა ექსპერტიზას, კვარაცხელიას გარდაცვალების რეალური მიზეზი ვერ დაედგინა. ეს არის ტატუნაშვილის მკვლელობის აბსოლუტურად იდენტური სქემა. ისიც რუსეთის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს. ე.წ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი, უკვე ოფიციალურად გახდა რუსეთის ფედერალური სამსახურის რეგიონალური წარმომადგენლობა ცხინვალში, ისინი უკვე, რუსეთის უშიშროების სამსახურის უფროსს ემორჩილებიან. ამას სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებაში არავინ აქცევს ყურადღებას”, – აცხადებს ვახტანგ მაისაია. 

აღსანიშნავია, რომ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ქართულ მხარეს მისი დაღუპვიდან სამი დღის შემდეგ გადმოეცა. როგორც ექსპერტები აცხადებენ, გვამის გახრწნის პროცესი უკვე დაწყებული იყო, როცა მას ექსპერტიზა ჩაუტარდა. კვარაცხელია სენაკში დაკრძალეს.

შორენა პაპაშვილი

მსგავსი თემები