გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენელმა მაღალი შეფასება მისცა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ნაბიჯებს

დავით ზალკალიანმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორთან რუსეთის, ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში დირკ ვიზესთან.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე და გერმანიის, როგორც ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოს როლზე ამ პროცესში. ქართული მხარე მიესალმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში გერმანიის მთავრობის მიერ სპეციალური ელჩის დანიშვნას, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ფორმატის საკითხებში გერმანიის აქტიურ ჩართულობას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში გერმანიის პრიორიტეტებზე. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, გერმანულმა მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა რეფორმების განხორციელების, დემოკრატიის კონსოლიდაციის და მდგრადი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ფედერალური მთავრობის წარმომადგენელს მიაწოდა ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების – საქართველო, მოლდოვა, უკრაინის ე.წ. ტრიოს ერთობლივი ინიციატივები და საქართველოს ხედვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებულ პროცესებს, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ უმძიმეს ვითარებას. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა გერმანიას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, რისი ერთ-ერთი გამოხატულება იყო კანცლერი მერკელის ვიზიტი საოკუპაციო ხაზზე. ხაზი გაესვა ასვე ორმხრივ ფორმატებში გერმანია-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას.​

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები