“გახარიას გადადგომის მოთხოვნა დესტრუქციული ძალებისგან მომდინარეობს” – დავით მათიკაშვილი

“გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ მოთხოვნა არის აბსურდული, ეს არის ზუსტად იმ დესტრუქციული ძალებიდან მომდინარე, რომლებმაც გაუკეთეს ორგანიზება 20-21 ივნისს შტურმს და ძალადობრივ ქმედებებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, დესტრუქციული ძალის მიზანია, პოლიციის შესუსტება, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა, რაც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაზიარებული.

„გიორგი გახარია და მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტრო 20-21 ივნისს მოქმედებდა კანონის სრული დაცვით, მათ ქვეყანა იხსნეს იმ დესტრუქციისგან და აგრესიისგან, რომელიც მომდინარეობს „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ეს არ არის პირველი შემთხვევა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 20-21 ივნისს რუსთაველზე განვითარდა მოვლენები, რომელიც ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც დესტრუქციული ძალის მცდელობა, შეჭრილიყვნენ პარლამენტში და ძალადობრივად მოეხდინათ პოლიტიკური პროცესების მართვა. მართალია პროცესი დაიწყო მშვიდობიანი აქციით, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდგომ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების ფონზე, ძალადობრივ აქციაში გადაიზარდა, რაც გამოიხატა შტურმის სახით და პოლიციელებზე თავდასხმით, რომ შეჭრილიყვნენ პარლამენტში.“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, ყველამ კარგად დაინახა, რა ხდებოდა თბილისის საავადმყოფოებში მეორე დღეს, დაშავებულთა ნაწილი იყვნენ პოლიციელები.

მსგავსი თემები