გაუფასურებული ლარი, გაძვირებული პროდუქტები, გაღარიბებული ადამიანები – თუ ინდოეთის ბაზარი არ გაიხსნა, მძიმე შემოდგომა გველის

საქართველოში ტურისტული ნაკადის შემცირების მიუხედავად, მათ, ვინც ქვეყანაში მაინც შემოდის, საზღვრიდან უკან აბრუნებენ. სასტუმროები კი ტურისტული ნაკადის შემცირების გამო ვერ მუშაობენ და ზაფხულის სეზონის გადაგორებისთანავე დასახურად ემზადებიან. თუ ვითარება არ შეიცვალა, შემოდგომიდან, ტურიზმის სექტორში დასაქმებულები უფრო მძიმე სურათს ელოდებიან. არსებული მდგომარეობა კი მთლიანად ქვეყანაზე  – გაუფასურებულ ლარზე, გაძვირებულ პროდუქტებსა თუ გაღარიბებულ მოქალაქეებზე აისახება.

საუბარია ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა 10 პუნქტიან წინადადებაზე, რომელსაც ქვეყანა არსებული კრიზისიდან უნდა გამოეყვანა. ერთ-ერთი პუნქტი, არაბული ქვეყნებისთვის და ინდოეთისთვის სავიზო/სასაზღვრო  პროცედურების გამარტივებას ეხება, რაც მაღალ ბიუჯეტიანი ტურისტს მოიზიდავდა. ამ კუთხით, ხელისუფლებამ  მუშაობა უკვე დაიწყო, ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის ადმინისტრაცია ინდოეთიდან ბაზრის გახსნაზე აქტიურად მუშაობს, რაც, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილება იქნება.

სწორედ სავიზო-სასაზღვრო საკითხების მოწესრიგება იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი მაღალ ბიუჯეტიანი ტურისტებისთვის. არადა, მათ ელემენტარული მიზეზებით, საზღვრიდან უკან აბრუნებდნენ. საუბარია ისეთ ტურისტებზე, რომლებსაც თანხის 100% წინასწარ ჰქონდათ გადახდილი. მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირი იყო  ინდოელ ტურისტებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში დიდი ფულით ჩამოდიოდნენ. მათი უკან დაბრუნებით კი ისევ ტურისტული კომპანიები, სასტუმროები და ქვეყანა ზარალდებოდნენ, რადგანაც წინაწარ გადახდილი დიდი ფული ისევ უკან ბრუნდებოდა და ქვეყანაში უცხოური ვალუტა ვერ შემოდიოდა.

არადა, ექსპერტებს და ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ინფორმაციით,  სავიზო საკითხების მოწესრიგების შემთხვევაში, ინდოეთიდან საქართველოში იმდენი ტურისტი აპირებს ჩამოსვლას, რუს ტურისტებს მთლიანად გადაფარავდა.  

სავიზო პრობლემების მოუწესრიგებლობის გამო, საქართველომ 10 მილიონ დოლარიანი პროექტიც კი დაკარგა და ქვეყანამ თავი  ისე „ისახელა“, თვით თომას კუკის  (მსოფლიო მასშტაბით პირველი ტურისტული კომპანიის დამაარსებელი) წარმომადგენლებიც კი გაოგნებულები დარჩნენ.

ინდოეთი რომ ძალიან მსუყე და  სწრაფი ბაზარია, რომელიც არა მხოლოდ ზაფხულის სეზონზე, არამედ, წელიწადის ოთხივე დროზე გათვლილი, ამას „მედიაცენტრ მთავართან“ “იბერია ტურს პლიუსის” ხელმძღვანელი მაია მურაჩაშვილიც ადასტურებს, რომელიც ინდოეთიდან ტურისტების შემოყვანის მიმართულებით მუშაობს. 

„2017 წელს, 6 თვის მანძილზე, ყოველ კვირა თითო ჯგუფი უნდა მიმეღო თომას კუკიდან. ბუნებრივია, მას, სხვა ქვეყნებიდანაც მოყვებოდა თომას კუკის კომპანიების შემოსვლა.  ზუსტად ამ ჯგუფზე მოხდა ისეთი რამ, რაც წარმოუდგენელი აღმოჩნდა და რამაც საკმაოდ დიდი ბიუჯეტი დაგვაკარგვინა. პირველ ჯგუფი 17 ადამიანი იყო, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ. აქედან 14 საზღვრიდან უკან მიაბრუნეს, რასაც დიდი  სკანდალი მოჰყვა. თომას კუკის წარმომადგენლებისთვის ეს დიდი შეურაცხყოფა იყო, რაც არასდროს, არც ერთ ქვეყანაში ჰქონიათ. მათ წინასწარ  100% ჰქონდათ გადახდილი  მაღალ ბიუჯეტიან სასტუმროში, ყველა ხარჯი დაფარული იყო. კიდევ უფრო გამაოგნებელი ის არის, რომ მიზეზიც კი ვერ გავარკვიეთ. ამ ყველაფერმა კი ის გამოიწვა, რომ დაიხურა 10 მილიონი პროექტი, რომლითაც საქართველოში ფილმის გადაღება იყო დაგეგმილი“ – აღნიშნა მაია მურაჩაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.  

როგორც რესპონდენტი აცხადებს, მთავარი პრობლემა ონლაინ ვიზების უგულვებელყოფას უკავშირდება, რაც ქვეყანას, როგორც ფინანსური, ასევე იმიჯის კუთხით, სერიოზულ დარტყმას აყენებს.

„როგორ შეიძლება, სახელმწიფოს ერთი ოფიციალური წყარო გასცემდეს ვიზას, მეორე ოფიციალური წყარო კი მას არ აღიარებდეს. იმედი მაქვს, აღდგება ურთიერთობა თომას კუკთან, თუ  სავიზო რეჟიმის არსებული პრობლემები მოგვარდა. ძირითადი პრობლემა, მაინც, ონლაინ ვიზების უგულებელყოფაა. რეგულაციები არ არის სწორი. რეგულაცია რომ არსებობდეს, იმის მიხედვით ვიმუშავებდით ჩვენც. გაუგებარი მიზეზების გამო აბრუნებენ ხალხს უკან, იმიჯი გველახება. თომას კუკის შემორიგებას გარანტიები უნდა.  აჭარის ტურიზმის ადმინისტრაციამ დაიწყო მოლაპარაკებები რომელიღაც ქვეყნის თომას კუკთან, მაგრამ ვერ გავიდნენ შედეგამდე. ცხადია, ყველას ახსოვს მომხდარი კრახი და ტურისტების გადეპორტება. ინდოეთი კი ძალიან მსუყე, სწრაფი ბაზარია და ასევე, 4 სეზონზე მომუშავე“ – აცხადებს მურაჩაშვილი. 

ამ ეტაპისთვის, ქვეყანაში, თითქმის ყველა სასტუმროში ვითარება ერთნაირია –  ჯავშნები-ჯავშნების მიყოლებით გაუქმებულია. ქვეყანაში არ შემოდიან ტურისტები, შესებამისად, არ შემოდის უცხოური ვალუტა, რაც ყველაფერზე თანაბრად აისახება. სასტუმროების მეპატრონეები კი „მედიაცენტრ მთავარს“ უდასტურებენ, რომ თუ ზაფხულის სეზონი გადააგორეს და სახელმწიფომ არსებულ რეგულაციებთან დაკავშირებით სასწრაფო გადაწყვეტილება არ მიიღო, შომოდგომიდან, უკვე, ბაზრიდანაც გაქრებიან.

არსებულ მძიმე ვითარებაზე “მედიაცენტრ მთავარში” “სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის” დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმაც არაერთხელ ისაუბრა. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ალავერდაშვილი დარწმუნებულია, რომ თუ ინდოეთის ბაზარი არ გაიხსნა, შემოდგომა საკმაოდ რთული იქნება.       

ეკა გულუა

მსგავსი თემები