გაუმართავი ავტომობილების გზებზე კონტროლი, კვლავ სერიოზული გამოწვევაა – ეკა ლალიაშვილი  

პირველი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირების გავლა ყველა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო იქნება. არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილის შეფასებით, გაუმართავი ავტომობილების გზებზე კონტროლი კვლავ სერიოზული გამოწვევაა, თუმცა რეფორმა მეტად საპასუხისმგებლოა და მისი წარმატებით განხორციელება თანაბრად არის დამოკიდებულები სახელმწიფო სტრუქტურებზეც და მოქალაქეებზეც.

​როგორც ეკა ლალიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რეფორმა მილიონზე მეტ ავტომობილს შეეხება, რომლებიც უნდა შემოწმდეს. ხოლო, რამდენად წარმატებული იყო რეფორმა, ამის თქმა 2020 წლისთვის იქნება შესაძლებელი.

მისივე თქმით, რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, გაუმართავი ავტომობილების გზებზე კონტროლი, რაც, ლალიაშვილის აზრით, დღეს, არც თუ ეფექტიანად ხორციელდება. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად კვლავ რჩებ გამონაბოლქვის კონტროლი.

“შავ გამონაბოლქვს დღეს, ​სატვირთოებზე თუ ვხედავთ, ხვალ ამავე პრობლემას მსუბუქ ავტომობილებზე თუ დავინახავათ, ამით რეფორმის დისკრედიტაცია მოხდება, რაც ძალიან არ გვინდა”, – აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

მისივე თქმით, რეფორმის შედეგად, ბოლო დროს დახარვეზებული ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა. თუმცა, არ ყოფილა ჯერ არც ერთი შემთხვევა, რომ ასეთი ავტომობილი ან სპეციალურ ავტოსადგომზე გადაეყვანათ, ან მათთვის ქალაქში მოძრაობა აეკრძალათ.

“ჩვენი რეკომენდაციაა ეს გათვალისწინებული იყოს მომავალი წლიდან. მართალია მძღოლებისთვის არასასურველი ფაქტია, მაგრამ საბოლოო ჯამში პოზიტიური შედეგი უნდა მოგვცეს. ქართული ხასიათია, ჯერ  ავტომობილი კი არ მოჰყავთ მწყობრში და მერე მიდიან ცენტრში, არამედ პირიქით. ყველამ უნდა გავიაზროთ რომ ეს რეფორმა ემსახურება საზოგადოებას. გაუმართავი ავტომობილის დახარვეზება ჯანსაღი პროცესია, მაგრამ ასეთი ავტომობილი, რომ არ დადიოდეს ქუჩაში ეს უკვე ადმინისტრირების პრობლემაა”, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა “მთავარში“.

მსგავსი თემები