გარემოზე სავალალო ზემოქმედების მქონე პროექტები არ უნდა ხორციელდებოდეს – ნინო ჩხობაძე

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა “დედამიწის მეგობრები-საქართველო“, ქვეყნის ოთხ რეგიონში – მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში, გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობისა და მათი ინფორმირების მიზნით, სამოქალაქო ქსელის შექმნას იწყებს.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო ჩხობაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ​საუბარია გარემოზე ზემოქმედების შესახებ კოდექსზე, რომელიც 2018 წლიდან ამოქმედდა და სხვადასხვა ტიპის საქმიანობას მოიცავს, მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურებისა და გზების მშენებლობას.

მისივე თქმით, საჭიროა ამ პროცესში აქტიურად იყოს ჩართული საზოგადოება, რაც დღეს რეალურად არ ხდება.

“ახალი კოდექსი ამოქმედდა. ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ 3 ორგანიზასიასთან ერთად, რათა გავზარდოთ საზოგადოების ჩართულობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საზოგადოება უფრო აქტიური უნდა იყოს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს. ის, რაც ხდებოდა ნესკრაზე, რაჭის ჰიდროელექტროსადგურებზე თუ სხვაგან, საჭიროებს საზოგადოების უფრო მეტად გააქტიურებას. არ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ვაკეთოთ ისეთი პროექტები, რომლებიც საბოლოო ჯამში ვერ იმუშავებს. მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა მოგვცემს შესაძლებლობას, ამ საკითხებთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ და სავარაუდო და სავალალო პროექტები არ განხორციელდება საქართველოში”, – აცხადებს ნინო ჩხობაძე.

მისივე ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების ჩართულობის გაზრდას გადაწყვეტილების მიღების პროცესში სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებასა და გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით, როგორც რეგიონულ ასევე, ეროვნულ დონეზე; მოსახლეობის ცნობიერების გაზრდას ევროკავშირის დირექტივებთან დაკავშირებით და ადგილობრივი კანონმდებლობის ჰარმოზინაციის მხარდაჭერას; სოციალური ჯგუფების მობილიზაციას.

ასევე, უნდა გაიზარდოს საზოგადოების აღქმა კონკრეტული პროექტების სოციალურ-ეკონომიკურ ზემოქმედებაზე; სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესების ხარჯიანობისა და სარგებლიანობის შეფასებაზე; უზრუნველყოს საზოგადოების ჩართულობა აღნიშნული პროცესების ადრეულ ეტაპზე; წარმოაჩინოს პროექტების გარემოსდაცვითი პრინციპების სასარგებლოდ წარმართვის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

პროექტს ახორციელებს 4 არასამთავრობო ორგანიზაცია: წამყვანი ორგანიზაცია – საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები – საქართველო და 3 პარტნიორი ორგანიზაცია – ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“, რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ და „საზოგადოებრივი დამცველი“.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

 

მსგავსი თემები