გამოწვევებთან გამკლავებაში, თუ მიღწევებში ამერიკა საქართველოს გვერდით დგას – გზავნილი აშშ-დან 

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან წარმატებული შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ავღანეთის სამშვიდობო მისიაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს მადლობას უხდის.
მაიკ პენსი საქართველოსთან პარტნიორულ ურთიერთობებზე ხაზგასმით საუბრობს და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ამერიკასა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების შესახებ“, – აცხადებს ვიცე-პრეზიდენტი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა ვაშინგტონში, საკუთარ სახლში უმასპინძლა. სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ლიდერებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული ყველა საკითხი დეტალურად განიხილეს. შეხვედრისას მკაფიოდ დადასტურდა, რომ ამერიკა ყველა გამოწვევასთან გამკლავებაში, შესაძლებლობებსა თუ მიღწევებში საქართველოს გვერდით დგას.

ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა აშშ-ს მზაობა, გადადგას ნაბიჯები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა მეგობრულ გარემოში დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრის დასასრულს, გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის სახლში საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილმა, ამერიკაში ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ პენსთან შეხვედრისას ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის, რეგიონში უსაფრთხოება.

„ აშშ-ში უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა, სადაც ჩვენ, ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან და კოლეგებთან გვქონდა ძალიან ღია, საგნობრივი განხილვა აბსოლუტურად ყველა საკითხისა, რომელიც ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების დღის წესრიგში დგას. ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი და შედეგიანი, კონკრეტული გზავნილებით და კონკრეტული დაპირებებით. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მკაფიო, არაორაზროვანი მხარდამჭერი მესიჯები მაიკ პომპეოს მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ასევე, ნატო-ში გაწევრიანების ძალიან მკაფიო მხარდამჭერი მესიჯები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვუახლოვდებით ნატო-ს ივლისის სამიტს, ბრიუსელში. ასევე, გვქონდა ძალიან მრავალმხრივი, დეტალური დისკუსია კონკრეტულად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელთან. განვიხილეთ სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგი, ვისაუბრეთ აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობაზე და საჭირო მხარდაჭერაზე იმისათვის, რომ ჩვენ მივუახლოვდეთ სავაჭრო წარმომადგენელთან ამ საკითხის კონკრეტულ განხილვას. გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები კონგრესში, სენატში. ჩვენ დღეს, ამერიკელ მეგობრებთან ერთად, მშვიდობის ინსტიტუტში ვზეიმობთ ჩვენი პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო აშშ-ს უახლოესი პარტნიორია: „უმნიშვნელოვანესი შეხვედრა შედგა ვიცე-პრეზიდენტ პენსთან, რომელთანაც ჩვენ აბსოლუტურად ყველა საკითხი განვიხილეთ. განვიხილეთ ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების საკითხები, აშშ-თვის პრიორიტეტული თემები, ჩვენი თანამშრომლობის ასპექტები. ჩვენ ვართ აშშ-ის უახლოესი პარტნიორი ჩვენს რეგიონში და ვიცე-პრეზიდენტისგან მოვისმინეთ ძალიან მკაფიო მხარდამჭერი მესიჯები, რაც ჩვენთვის, მე ვიტყოდი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ეს ასევე არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა საქართველოს მხარეზე, რომ ჩვენ ამ პარტნიორობაში ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალურად მაღალი თამასა ავიღოთ და ჩვენი ხელისუფლება ამისთვის აბსოლუტურად მზად არის“.

მსგავსი თემები