გამოძიებით დადგინდა, რომ 4 წლის გოგონა დედის მიერ მიყენებული ტრავმით გარდაიცვალა

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას, ლელა ქსოვრელს ბრალი დაუმძიმდა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, დედამ გოგონას თავის არეში, ბლაგვი საგნით, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რამაც მცირეწლოვანის ტვინის შეშუპება და სისხლჩაქცევები გამოიწვია. შედეგად, ბავშვი გარდაიცვალა.

„2019 წლის 25 თებერვალს ლ.ქ.-ს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. ასევე, 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატურ ცემასა და ძალადობას გულისხმობს, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და 111.381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულიხმობს, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 იანვრიდან – 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ლ.ქ.-მ თავის არასრულწლოვან შვილს ნ.ზ.-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია სისხლჩაქცევა და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, შედეგად 2019 წლის 22 იანვარის დილის საათებში ნ.ზ. გარდაიცვალა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები