გამკაცრდება პასუხისმგებლობა მარიხუანას მოხმარების პოპულარიზაციის და რეკლამირებისთვის – პრემიერი

საქართველოში კანაფის წარმოების განვითარებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე განმარტავს, რომ კანაფის მოყვანა სამედიცინო მიზნით არის რეგულაციის ის ნაწილი, რომელიც მკაცრად იქნება გაკონტროლებული, რათა მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული ქაოტური და კანონსაწინააღმდეგო პროცესი. ასევე, გამკაცრდება პასუხისმგებლობა მარიხუანას მოხმარების პოპულარიზაციის და რეკლამირებისთვის.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე დღეს, პრემიერმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ქვეყანა ახალი სამართლებრივი რეალობის წინაშე დადგა, კერძოდ, მარიხუანას პირად სივრცეში მოხმარება აღარ ითვლება დანაშაულად და არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად.

“როგორც კი გამოქვეყნდა ეს გადაწყვეტილება, დავავალე შს სამინისტროს მოემზადებინა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც შექმნიდა ძალიან მკაცრ ჩარჩოებს მარიხუანას საჯარო სივრცეში მოხმარების აკრძალვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მომზადდა ახალი რეგულაციების შესახებ კანონპროექტი, რომელსაც დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ და შემდეგ გადაეგზავნება პარლამენტს”, – აცხადებს მამუკა ბახტაძე.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ არ დაზარალდეს საზოგადოებრივი ინტერესი და უსაფრთხოება, მნიშვნელოვანია ამ კანონპროექტის დროული განხილვა, რათა სამართალდამცველებს მარიხუანას მოხმარების კონტროლის ეფექტიანი ბერკეტი ჰქონდეთ. შესაძლო ზიანისგან ან მავნე ზეგავლენისგან დაცული იყოს საზოგადოება, განსაკუთრებით ახალგაზრდები.

აღსანიშნავია, რომ შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით მკაცრად დაისჯება მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით, სასწავლო დაწესებულებების სიახლოვეს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. რეგულაცია შეეხება საჯარო მოხელეებს, პედაგოგებს, ექიმებს და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს. მოზარდებში მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენის გამო, ასევე დაისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან მოახდინონ პოპულარიზაცია 21 წლამდე პირებში.

მსგავსი თემები