“გავაგრძელებთ მუშაობას, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა მოსახლეობამ წინაპირობების გარეშე შეძლოს გადაადგილება” – ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ცხინვალის რეგიონში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა.

მინისტრის განმარტებით, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე გადასასვლელი პუნქტების დაკეტვის შედეგად, ადამიანები სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ.

„ზოგადად ბოლო დროს, და უფრო 2008 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ვართ მუდმივი პროვოკაციების ქვეშ. უმძიმესი ვითარება არის ახალგორის რაიონში და მთლიანად ცხინვალის რეგიონში. საფრთხე ექმნება, როგორც ეთნიკურად ქართველ, ასევე ოს მოსახლეობას გადაადგილების სრულად შეზღუდვისა და რეგიონის მთლიანი იზოლაციის პირობებში. საუბედუროდ, ეს ეხება იმ შემთხვევებსაც, როცა ადამიანებს სჭირდებათ სამედიცინო დახმარება. ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომ ადამიანი, რომელიც დაშავდა, და ჩვენი ინფორმაციით მოტეხილობები და მრავლობითი დაჟეჟილობა აქვს, კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდეს,  ჩაუტარდეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ეს მისი ოჯახის სურვილია და აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო აქტორი ჩართული გახლავთ. ის სიჯიუტე, რომლითაც ასეთ და სხვა საკითხებს უდგებიან, უკვე სხვა რანგში გადადის. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არაჰუმანური დამოკიდებულებაა, არაკანონიერი დამოკიდებულებაა და არანაირი გამართლება არ გააჩნია. გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ წინაპირობების გარეშე მოხდეს გადაადგილების შესაძლებლობის უზრუნველყოფა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრი ოკუპანტების მიერ  ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დაკავებული 28 წლის ზაქარია ბუთხუზის საკითხსაც გამოეხმაურა და მას მორიგი უკანონო ფაქტი უწოდა.

„ეს არის მორიგი უკანონობა, როდესაც საქართველოს მოქალაქის დაკავება ხდება სრულიად უკანონოდ. ამ ეტაპისთვის გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ოპერირებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ცხელი ხაზის მეშვეობით გაგრძელდება კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, ქართული მხარის მოთხოვნა გახლავთ, რომ მოხდეს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან. ველოდებით, ეს ასეც მოხდება“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

https://mcm.ge/ოკუპანტებმა-გორის-რაიონი/

მსგავსი თემები