“გადაწყვეტილება მივიღეთ, 3 თვით, იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლოთ 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე” – კახა კალაძე

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამი თვით, იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლოთ ის 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომლებსაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ან ფართი აქვთ მერიისგან იჯარით აღებული” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, თბილისის მერია, კორონავირუსის გავრცელებისგან მოსახლეობის დაცვის და შექმნილ ვითარებაში მეწარმეთა მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, ღონისძიებების გატარებას განაგრძობს. როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილსის მერიამ უკვე გაათავისუფლა მთელი წლის გადასახდელი თანხისგან ღია კაფე-ბარების მეპატრონეები, რომელთაც იჯარით ჰქონდათ ტერიტორია აღებული თბილისის მუნიციპალიტეტისგან.

„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 3 თვით, იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლოთ ის 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომლებსაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ან ფართი აქვთ მერიისგან იჯარით აღებული. ამ მეწარმეებს, თბილისის მერია გაათავისუფლებს – მარტის, აპრილის და მაისის თვის იჯარის გადასახადისგან. ამ შეღავათის ფორმალიზების მიზნით ხელშეკრულებებში ცვლილებები ეტაპობრივად, სიტუაციის დასტაბილურებასთან ერთად განხორციელდება, რის თაობაზეც მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყებები მეწარმეებს თავად დაუკავშირდებიან. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, მეიჯარე ვალდებულია ამ შეღავათის პირობები გაავრცელოს ქვემოიჯარეებზეც, თუ კი მას იჯარით აღებული ქონება ქვეიჯარით აქვს გაცემული. შესაბამისად, თუკი კონკრეტულ მეწარმეს იჯარით აქვს აღებული ფართი და შემდეგ სხვა პირებზე აქირავებს, შეღავათი ყველა მათგანს შეეხება. აქედან გამომდინარე, შეღავათით რეალურად 600 მოიჯარე მეწარმეზე ბევრად მეტი პირი ისარგებლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ძირითადად შეეხება მცირე და საშუალო მეწარმეებს“, – განაცხადა კალაძემ.

თბილსიის მერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველამ მაქსიმალური სიზუსტით შევასრულოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩვენი ქვეყნის შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული რეკომენდაციები.

„უმნიშვნელოვანესია, რომ დავიცვათ პირადი ჰიგიენის წესები, ადამიანებთან კომუნიკაციის დროს საჭირო მანძილი, გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში არ გავიდეთ გარეთ, დავრჩეთ სახლებში, განსაკუთრებით მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს. ვირუსის გავრცელების პრევენციის ყველაზე ეფექტიანი საშუალება, არსებული რეკომენდაციების შესრულებაა. აქვე, კიდევ ერთხელ მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლ თითოეულ ადამიანს, თითოეულ ექიმს. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი უწყებებისა და საზოგადოების კოორდინირებული ნაბიჯებით ამ გამოწვევას აუცილებლად გავუმკლავდებით. გისურვებთ ჯანმრთელობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები