„გაგვაგებინონ ბოლო-ბოლო ანგელოზები არიან თუ ცოდვილები“- კახა წიქარიშვილი მოსამართლეების სიაზე

„მომავალ თაობას, მიმდინარე პროცესებით ვასწავლით, მორჩილებას, კომფორმიზმს, დავალებების შესრულებას,“ – ასე შეაფასა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარემ, სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრმა კახა წიქარიშვილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესი.

კახა წიქარიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ და „კლანის“ ვერსიები, სიაში არსებული კანდიდატების საქმიანობის შესახებ ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ის იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტში ყველა შეკითხვა დაისმევა სიაში არსებული კანდიდატების საქმიანობის შესახებ, რასაც ისინი 2012 წლამდე ეწეოდნენ.

„პარლამენტში ველოდებით, რომ იქნება ძალიან ცხარე დებატები თითოეულ „კლანთან“ დაკავშირებით. საჭიროა, რომ გააქტიურდეს სამოქალაქო საზოგადოება და ადვოკატთა კორპუსი, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია იყოს წარმოდგენილი თითოეულ კანდიდატზე. საბჭოს კეთილსინდისიერების “შკალა” სულ თავდაყირა აყენებს ყველაფერს. იმედი მაქვს, რომ პარლამენტში დეტალურად გამოკითხავენ ამ ხალხს რა ხდებოდა სასამართლოში 2012 წლამდე. ჩვენ გვაქვს ორი ვერსია. ირაკლი კობახიძე იძახის მილიონი ცუდი საქმე აქვთ გაკეთებული, ლევა მურუსიძე კი იძახის, ანგელოზები ვართო. გაგვაგებინონ ბოლო-ბოლო ანგელოზები არიან თუ ცოდვილები. „ქართული ოცნების და კლანის“ ვერსიები ეწინააღმდეგება ერთმანეთს,“ – განაცხადა კახა წიქარიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები