ბუნებრივი აირი კლავს, კომპანია – “გაუფრთხილდი სიცოცხლეს” იწყება

ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად მიღებული უბედური შემთხვევების საპრევენციოდ, ენერგოომბუდსმენის აპატარი იწყებს კამპანიას – „გაუფრთხილდი სიცოცხლეს – ბუნებრივი აირი კლავს“. აღნიშნულ თემაზე, ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები, რეგულაციები და სანქციები ვერაფერს გვიშველის, რადგან საქმე გვაქვს ადამიანის სიცოცხლესთან. მომხმარებლებს უნდა შევუქმნათ უსაფრთხო გარემო, მას უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია, როგორ გამოიყენოს ეს სიკეთე. ვიწყებთ კამპანიას „გაუფრთხილდი სიცოცხლეს,“ რომელიც იქნება საგანმანათლებლო კამპანია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ბუნებრივ გაზთან ემიმართებაში. ბუნებრივი გაზი არის ძალიან საშიში აირი, მხუთავი აირი, რომელიც პირდაპირ კლავს“ – აღნიშნა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ენერგოომბუდსმენის განცხადებით, საინფორმაციო კამპანიაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან და ისინი ყველა უბანში მივლენ. კამპანია კი საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელებასა და ადგილზე შეხვედრებს ითვალისწინებს.

„ვთანამშრომლობთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მაჟორიტარული ოლქის დეპუტატებთან. კამპანია თბილისიდან დაიწყება, რადგანაც სწორედ რომ თბილისში გვაქვს გადაუდებელი ვითარება. ბუკლეტები, რომელსაც მოსახლეობას დავურიგებთ, შეიცავს მაქსიმალურ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი როგორც დანადგარებთან, ასევე ბუნებრივ გაზთან მიმართებაში. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო პრევენცია უბედურების თავიდან ასაცილებლად“ – აღნიშნა ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე განცხადებით, დღემდე, საშიშ მდგომარეობაში ვართ. ნაღმი, რომელიც ბუნებრივ აირთან დაკავშირებით არსებობს, ძალიან ფეთქებადი და საშიშია.

„დღემდე საშიშ მდგომარეობაში ვართ, რადგან, არ ვიცით, ოჯახებში შიგნით რა ხდება. არსებულ ვითარებას, თავად მომხმარებლის გარდა, მონიტორინგს ვერავინ და არავინ უწევს. არ არსებობს ასეთი სახის ინსპექცია და მონიტორინგი, რომელიც სავალდებულოდ ამოწმებს შიდა ქსელებს. არ ვართ არაფრისგან დაცულები. მოქალაქეები კი ჩვენს რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ. როცა მათ ეუბნებიან, რომ კონკრეტული დანადგარი საფრთხეს შეიცავს, ისინი თვითნებობენ და მაინც, კუსტარულად ამონტაჟებენ სარისკო აპარატს“, – აღნიშნა სალომე ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები