“ბორდერიზაციის პრობლემაზე შორიდან თუ ახლოდან მხოლოდ ყურება სიტუაციას არ შეცვლის” – სალომე ზურაბიშვილი

“ჩვენ ევროკავშირისგან გვჭირდება ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა. მათ შორის არის ბორდერიზაციის საკითხი და ჩვენს რთულ მეზობელთან ურთიერთობები, რომელიც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვაში, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ტერიტორიების ოკუპაცია, ბორდერიზაცია, ინდივიდების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, სოფლების დაყოფა რუსეთის მიერ საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპების ცალსახა დარღვევაზე მეტყველებს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროპამ და ევროპელმა ლიდერებმა უნდა დაარწმუნონ რუსეთი, მუქარასა და ძალის გამოყენებაზე უარი თქვას და კანონის შესაბამისად იმოქმედოს.

„ჩვენ პარტნიორების მხარდაჭერა გვჭირდება იმისთვის, რომ გავააქტიუროთ მოლაპარაკებების ფორმატი, რათა ამას რეალური პოლიტიკური მნიშვნელობა მივცეთ. ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ იმით, რომ წავალთ ჟენევაში, ვისაუბრებთ და არაფერი შეიცვლება. მხარდაჭერა გვჭირდება ასევე იმისთვის, რომ პროცესში აქტიურად ჩაერთონ საერთაშორისო ორგანიზაციები. გვჭირდება მხარდაჭერა იმისთვის, რომ გადავლახოთ კონფლიქტი და ოკუპაცია. ბორდერიზაციის პრობლემაზე შორიდან თუ ახლოდან მხოლოდ ყურება სიტუაციას არ შეცვლის. ევროპამ და ევროპელმა ლიდერებმა უნდა დაარწმუნონ რუსეთი, მუქარასა და ძალის გამოყენებაზე უარი თქვას და კანონის შესაბამისად იმოქმედოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები