ბოლნისის მერიაში მასობრივი სპორტის განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს


ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, მასობრივი სპორტის განვითარების სტრატეგიასა და „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ მომზადებულ კანონპროექტზე საჯარო კონსულტაცია გაიმართა. შეხვედრაში ყველა დაინტერესებული პირი და ორგანიზაცია მონაწილეობდა.

საჯარო განხილვის პირველ ნაწილში, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა და კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, მონაწილეებს კანონპროექტის და სტრატეგიის დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები გააცნეს, მეორე ნაწილი კი დისკუსიას და საჯარო კონსულტაციებს დაეთმო.

როგორც “მთავარს” მიხეილ ყაველაშვილმა განუცხადა, ღონისძიება კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად დაიგეგმა და მიზნად ისახავს მოიცვას ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონი, რათა კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს განსახილველად საშემოდგომო სესიაზე წარედგინება, იყოს სრულყოფილი და ასახავდეს საზოგადოების განწყობას.

მისივე განმარტებით, შეხვედრებზე მუხლობრივად იქნება განხილული ყველა დეტალი და გათვალისწინებული იქნება ყველა დაინტერესებული პირის მოსაზრება.
“სწორედ ეს არის ჩვენი გუნდის ინტერესი, რომ რასაც ვაკეთებთ იყოს მოქალაქეების მიერ ინიცირებული და მათი აზრი ბოლომდე გავითვალისწინოთ”, – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

მისივე ინფორმაციით, საჯარო კონსულტაციები ივლისის ბოლომდე გაგრძელდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. კომიტეტი უზრუნველყოფს კონსულტაციების შედეგად გამოთქმული მოსაზრებებს შეგროვებასა და კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის განსახილველად წარდგენას.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი საჯარო კონსულტაციებს  ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით მართავს.

მსგავსი თემები