“ბოდიშს გიხდით, თუ თქვენი გულისწყრომა დავიმსახურე” – ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი თენგიზ ცერცვაძეს

“ბატონო თენგიზ, მერცხვინება თქვენნაირ ბუმბერაზ ადამიანთან პაექრობა! არ ვაპირებ არგუმენტების მოყვანას და იმის მტკიცებას, მე ვარ მართალი თუ თქვენ, მაშინ როდესაც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ძიების პროცესში არიან და სიტუაცია ყოველ წუთს შეიძლება, შეიცვალოს! ბოდიშს გიხდით, თუ ჩემი ახალი კორონავირუსის თემის გარშემო აქტიურობით, თქვენი გულისწყრომა დავიმსახურე!” – ამ სიტყვებით ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელს, თენგიზ ცერცვაძეს მის მიმართ გამოთქმულ შენიშვნაზე პასუხობს.

ის განმარტავს, რომ მისი მოსაზრება არავის დაკნინებას და ჩრდილის მიყენებას არ ისახავდა მიზნად და სთხოვს თენგიზ ცერცვაძეს, ნებისმიერი ექიმის მოსაზრებას პერსონალურ წყენად ნუ მიიღებს.

„ჩემი მთავარი მიზანი და ერთადერთი მოვალეობა, კოვიდ-19-ის დროს, მოსახლეობის სწორი ინფორმირება და მხოლოდ დამშვიდებაა, ამიტომ თავს ვალდებულად მივიჩნევ ჩემს მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე და ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მხრიდან მასზე მოხდენილ რეაგირებაზე პასუხი პუნქტობრივად გავცე:

– ერთადერთი ჩემს ხელთ არსებული წყარო – დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის პირველი მაისის Twitter-ზე ოფიციალურად გამოქვეყნებული მონაცემები, საქართველოში 566 ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდ-19-ის შემთხვევიდან 98% აქვს დაავადების მსუბუქი და საშუალო ფორმა, ხოლო მხოლოდ 2 % -ს მძიმე ფორმა.

ალბათ გამორჩენილია კრიტიკული პაციენტები ან მძიმეშია გაიგივებული. ეს ერთხელ კიდევ მიანიშნებს, როგორი აუცილებლობაა სწორი სტატისტიკის დროული და პერმანენტული გამოქვეყნების, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს ქონდეს მასზე დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა.

რაც შეეხება სიმძიმის მიხედვით მკურნალობის საკითხს. ტელეწამყვანის დასმულ კითხვაში ეს საკითხი ეხებოდა მხოლოდ ოზონოთერაპიას, სადაც მე აღვნიშნე, რომ ოზონოთერაპიით მკურნალობის ერთადერთი მიზანი უნდა იყოს რამდენად დაგვეხმარება ის კრიტიკული პაციენტების გადარჩენაში, რაშიც ეჭვი შევიტანე. ხოლო ზოგადად პაციენტების მკურნალობის მიმოხილვა მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმების დროს ჩემი განსჯის მიზანი არ ყოფილა.

ზოგადად, მკურნალობის საკითხებს, პაციენტების სიმძიმის მიუხედავად, ჩემი მტკიცე პოზიციაა, რაც ეფუძნება ყველა ცივილური ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკას, უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ სამედიცინო კვლევის ფორმატს, რაც ავტომატურად მოხსნიდა ბევრ ინსინუაციებს ქლოროქინზე/ჰიდროქსიქლოროქინზე, C ვიტამინზე, თუთიაზე, ოზონოთერაპიაზე და ასე შემდეგ.

ამ მედიკამენტების რისკი/სარგებლის შეფასება და სხვა სამედიცინო საკითხები გადაწყდებოდა ეთიკური საბჭოს და კვლევის პროტოკოლის ფორმატში, რაც თავიდან აგვარიდებდა ყველა შესაძლო გაუგებრობას და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან შექმნილ დაპირისპირებას.

პ.ს. და ბოლოს, ბატონო თენგიზ, მერცხვინება თქვენნაირ ბუმბერაზ ადამიანთან პაექრობა! არ ვაპირებ არგუმენტების მოყვანას და იმის მტკიცებას, მე ვარ მართალი თუ თქვენ, მაშინ როდესაც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ძიების პროცესში არიან და სიტუაცია ყოველ წუთს შეიძლება, შეიცვალოს! ბოდიშს გიხდით, თუ ჩემი ახალი კორონავირუსის თემის გარშემო აქტიურობით, თქვენი გულისწყრომა დავიმსახურე!

ბედნიერი ვიქნები, თუკი ქართველი ხალხი გმირი ექიმებისთვის 2020 წლის 18 მარტს აგუგუნებულ მადლიერების ტაშს მალე გაიმეორებს და ახალი კორონავირუსის პანდემიის დამარცხების აღსანიშნავად ჩვენს პატარა საქართველოში ისევ იგრიალებს გამარჯვების მხურვალე ტაში!
ბედნიერი ვიქნები, თუკი ამ ბრძოლაში მომავალი ექიმები მხოლოდ პაციენტების უანგარო სიყვარულს, კოლეგიალობასა და ერთმანეთის გატანას ისწავლიან ჩვენგან!

ქედს ვიხრი ყველა ექიმის წინაშე, რომლებიც იბრძვიან პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად. მესმის სათქმელად ბევრი რამ ადვილია და ზოგჯერ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება, მაგრამ ეს ჩემი მოსაზრებებია და არავის დაკნინებას და ჩრდილის მიყენებას მიზნად არ ისახავდა. გთხოვთ, ნებისმიერი ექიმის მოსაზრებას პერსონალურ წყენად ნუ მიიღებთ.

მე კი მხოლოდ ჩემი ხალხის ჯანმრთელობა და ბედნიერება გამახარებს! მე მხოლოდ, ჩემი პატარა პაციენტების უდარდელი ბავშვობა და მათი მშობლების სახეზე სიმშვიდის დანახვა მინდა, ვისი ოჯახებიც დღეს ფინანსურ პრობლემებს ებრძვიან თვითიზოლაციაში და აგერ მეორე თვეა ყოველი დღე გაურკვეველი მომავალის შიშით უღამდებათ“, – წერს იმუნოლოგი ფეისბუქზე.

28 აპრილს ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა, რომ საქართველოში COVID-19-ით ავადმყოფების 95-97% მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა, ისინი თავისით მორჩებიან და მათ ზედმეტი მკურნალობა არ სჭირდებათ და მხოლოდ დარჩენილ 3%-ს (ანუ კრიტიკულ პაციენტებს) სჭირდებათ მკურნალობა.

„მას რომ COVID-19-ით ავადმყოფებთან რაიმე შეხება ჰქონდეს და ამ დაავადების მიმდინარეობას იცნობდეს, ალბათ ასეთ რამეს არ იტყოდა“, – განაცხადა ამის საპასუხოდ თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები