„ბლოკების საფუძველზე იყიდებოდა როგორც ხმები, ისე ადგილები“ – ბექა ნაცვლიშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი კონსტიტუციის პროექტის განხილვაში ერთვება და აცხადებს, რომ ერთ-ერთი სიკეთე, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემას მოაქვს, კორუფციის წყაროს – საარჩევნო ბლოკების გაუქმებაა.    

როგორც ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროპორციული სისტემა კარგია, თუმცა, ის ისეთ ქვეყანაში მუშაობს, სადაც პოლიტიკურ სუბიექტებს განსხვავებული ხედვები და იდეოლოგია გააჩნიათ.

„პროპორციული სისტემა უფრო კარგად ასახავს იმ განწყობებს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. რაც უფრო დაბალია საარჩევნო ბარიერი, მით უფრო ნაკლებად იკარგება ამომრჩევლის ხმა. თუმცა, პროპორციულმა სისტემამ რომ იმუშაოს, განსხვავებული აზრი უნდა არსებობდეს. დღეს, საქართველოში პარტიები ერთმანეთისგან საერთოდ არ განსხვავდებიან, გარდა იმისა, რომ ერთმანეთს პრორუსულობას აბრალებენ. პროპორციული სისტემა მუშაობს ისეთ ქვეყნებში, სადაც საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია განსხვავებული ხედვები და იდეოლოგია“, – აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

მისივე განცხადებით, კიდევ ერთი პოზიტიური ნაწილი, რასაც კონსტიტუციის პროექტი ითვალისწინებს, საარჩევნო ბლოკების გაუქმებაა.

„ჩვენ თუ გვექნება ისეთი პარტიული ლანდშაფტი, როგორიც დღეს გვაქვს, როცა პოლიტიკაში შემოდის ერთი ოლიგარქი ხაზარაძის საით, მეორე – ივანიშვილის სახით, მესამე კეზერაშვილის სახით, ამას არც პროპორციული სისტემა შველის და არც მაჟორიტარული. ასეთი მიდგომა ცხოვრებას კლავს. პროპორციული სისტემა კარგია, მაგრამ,  სჭირდება პარტიები, რომელსაც კონკრეტული ხედვები გააჩნიათ. მეორე – მივესალმები ბლოკების გაუქმებას, რადგანაც, ეს იყო ჩვეულებრივი კორუფციის წყარო. ბლოკების საფუძველზე იყიდებოდა როგორც ხმები ისე ადგილები. ეს რომ მთავრდება, მისასალმებელია. პარტიებმა ხედვების ირგვლივ უნდა იბრძოლონ“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.  

მსგავსი თემები