“ბიძინა ივანიშვილი თავის ქვეყანას 90-იანი წლებიდან ეხმარება” – არჩილ თალაკვაძე

“მისასალმებელია, რომ ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანშიც, როგორც სხვა ბევრ ადგილას, უპრეცედენტო ქველმოქმედებასა და ინვესტიციას ახორციელებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის აბასთუმნით დაინტერესებაზე ოპოზიციის განცხადებების შესახებ დასმულ კითხვაზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის ნაწილს არ სიამოვნებს ის მნიშვნელოვანი და საზოგადოებისთვის საჭირო პროექტები, რასაც ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ახორციელებს.

„ასეთი მაგალითი გვახსოვს, როდესაც ოპოზიციის ეს ნაწილი ამბობდა „ბლექ სი არენაზე“, გასართობ პარკზე, უნივერსიტეტზე, რომ ეს პროექტები უნდოდა პირადად ბიძინა ივანიშვილს. ძალიან მოკლე დროში მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტები ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა გადასცა სახელმწიფოს და მისცა საზოგადოებას. ჩვენი მოქალაქეები იყენებენ ამ ყველაფერს. ეს არის ახალი ეკონომიკის ნაწილი“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება აბასთუმანს, არჩილ თალაკვაძის თქმით, აქაც უპრეცედენტო ქველმოქმედება და ინვესტიცია ხორციელდება.

„აბასთუმანი იქნება ისეთი ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც მთლიანად ჯდება მომავლის თანამედროვე კონცეფციაში. ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე ინფრასტრუქტურით და ასევე, იმ ტრადიციებისა და ისტორიის გათვალისწინებით, რომელიც აქვს აბასთუმანს. ეს არის ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი საყვარელი მხარე. ბატონი ბიძინა ივანიშვილი თავის ქვეყანას ეხმარება 90-იანი წლებიდან. არაერთი ქალაქის რესტავრაცია, ტაძრების რესტავრაცია, ეკონომიკური პროექტების დაფინანსება მან სრულიად უანგაროდ გააკეთა. “, – განაცხადა არჩილ თალკვაძემ.

მსგავსი თემები