ბინები დამატებით 270 დევნილ ოჯახს გადაეცემა

ჯანდაცვის  მინისტრის მოადგილე, დევნილ ოჯახებს მოუწოდებს, ბინების განაწილების მეორე ფაზის ფარგლებში, სამინისტროს განცხადებებით მიმართონ, რათა ბინით უზრუნველყოფის თაობაზე, მათი საკითხის განხილვა მოხდეს.

გიორგი წოწკოლაურის თქმით, ბინების განაწილების მეორე ფაზა 31 ოქტომბერს დასრულდება და დამატებით 270-ზე მეტი ბინა განაწილდება.

მინისტრის მოადგილე ჯანდაცვის სამინიტროს ფოიეში მიმდინარე აქციას გამოეხმაურა. მისი განმარტებით, ყველა ოჯახი, რომელიც  ბინების განაწილებასთან დაკავშირებით დადგენილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ბინას მიიღებს.

“მოცემული დევნილი ოჯახებიდან, არის რამდენიმე, რომელსაც საერთოდ მისამართი არ გააჩნია თბილისში, შესაბამისად, მათ ბინას ვერ გადავცემთ. განმარტება უკვე მივეცით. წელსვე გორში, ხაშურში, ქუთაისსა და სხვა რეგიონებში უნდა გავანაწილოთ ბინები და ჩვენ მათ შევთავაზეთ, მიეღოთ მონაწილეობა ამ განცხადების განხილვაში. სამწუხაროდ, ისინი ჯერ არ გამოცხადებულან. ამას გარდა, კიდევ სხვა პროექტებში მონაწილეობა შევთავაზეთ, ეს არის იჯარით დაკმაყოფილება, ერთჯერადი დახმარების მიცემა და რა თქმა უნდა, სოფლად სახლის პროექტი, რომელიც წარმატებით მუშაობს დღეს საქართველოში”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება, ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში შეეძლებათ. ბინები წლის ბოლოს განაწილდება. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ბინებს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადასცემს.

მსგავსი თემები