„ბილეთის შეძენა რთული რომ არ ყოფილიყო, ნამდვილად შევიძენდი და ვნახავდი“ – ეპისკოპოსი გეი წყვილის სიყვარულის ისტორიაზე (ვიდეო)

„უცნაური განცხადებები მოვისმინე, იურისტების და მოსამართლეების მხრიდანაც კი, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიციის კორიდორის გარღვევა, ადამიანების კინოთეატრში შესვლისათვის ხელის შეშლა, გამოხატვის თავისუფლების ერთ-ერთი ფორმაა. რაც, ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდ რამეებს მიანიშნებს კანონთან მიმართებაში. როგორ ვართ ჩვენ და როგორ არიან კანონდამცველები, ვინც კანონებთან ყველაზე ახლოს უნდა იყვნენ“ – ასე აფასებს  საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე „გეი წყვილის“ სიყვარულთან დაკავშირებული ფილმის პრემიერას, რომელიც საქართველოს კინოთეატრებში ხვალ იმართება.

როგორც ეპისკოპოსმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არა სირთულე, ნამდვილად შეიძენდა ბილეთს და ნახავდა ამ ფილმს: „ბუნებრივია, კარგი ფილმი ახდენს ცნობიერებაზე გავლენას. მაგრამ, ეს არ ეხება რომელ თემატიკაზეა ფილმი აგებული. ნებისმიერი ფილმი არის ვიღაცის პირადი ცხოვრების შესახებ და თუ პირადი ცხოვრების შესახებ არაა, უინტერესოა. ამ ფილმზე ბილეთი შეძენა რთული რომ არ ყოფილიყო, ნამდვილად შევიძენდი და ვნახავდი. სულ ცოტა, ინტერესის გამო უნდა ნახო ეს ფილმი, რომ გაარკვიო, რატომ არის ასეთი აჟიოტაჟის მიზეზი. რაც უფრო მეტია წინააღმდეგობა, მით უფრო იზრდება ინტერესი“ – აღნიშნა რუსუდან გოცირიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, აზრს მოკლებულია მსჯელობა, რომ კავკასიელებისთვის ლგბტ ფილმები მიუღებელია. როგორც ეპისკოპოსი განმარტავს, მსგავსი მსჯელობით, ფილმების დახარისხება უნდა მოხდეს და მკვლელობაზე თუ სხვა მრავალ თემატიკაზე კინო აღარ ვაჩვენოთ. 

მსგავსი თემები