„ბიზნესს ეშინია დესტაბილიზაციის, დიდ პროექტებს საფრთხე შეექმნება“  – სიმონ ნოზაძე

დეპუტატი სიმონ ნოზაძე იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც მიმდინარე საპროტესტო ფონის გამო საქართველოს ემუქრება. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, დესტრუქციული ძალა ცდილობს, საქართველო დესტაბილიზაციის საფრთხის შემცველად გამოაცხადოს, რომ უდიდესი პროექტები ვერ განხორციელდეს.    

„სწორედ ის მაშინებს, რომ უნდათ,  საქართველო უკან, 90-იან წლებში  დააბრუნონ.  აშკარაა, რომ იყო მცდელობა ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდების. გამოძიება დაადგენს, რასთან გვქონდა საქმე, დიდი ინტერესით  ველოდები, რა მოხდა. რაც შეეხება გიორგი გახარიას გადადგომის, ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს. ძალა აბსოლუტურად ლეგიტიმურად იყო გამოყენებული და თუ  უფლებამოსილებას ვინმემ გადააჭარბა, ეს უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს“ – აღნიშნა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

სიმონ ნოზაძის განცხადებით, ყველაზე დიდი საფრთხე, რაც დესტრუქციულმა ძალამ შეიძლება ქვეყანას მოუტანოს, დიდი და მნიშვნელოვანი პროექტების შეფერხებაა.

„ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ „ნაცმოძრაობა“ ჩამოყალიბდა დესტრუქციულ ძალად. იმის გარდა, რომ ტურიზმი  და ექსპორტი შემცირდება, სავარაუდო  ეკონიმიკური ზარალიც დიდი იქნება.  ვხედავ, რომ ხდება გაწყობის შექმნა რომ საქართველოში დესტაბილიზაციური პროცესებია. ეს ყველაფერი კი დიდი გეოპოლიტიკური პროექტების განუხორციელებლობის შესაძლებლობას ქმნის. ბიზნესს ეშინია დესტაბილიზაციის, თუ საქართველო დაფიქსირდება ქვეყნად, სადაც დესტაბილიზაციაა, მერწმუნეთ, დიდ პროექტებს საფრთხე შეექმნება“ – აღნიშნა სიმონ ნოზაძე „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები