“ბენზინს არავინ სვამს და სახლში არ მიაქვს, ამის საჭიროება იყო” – კალაძე მერიის გაზრდილ ხარჯებზე

IDFI-ის კვლევას, რომლის  თანახმად, 2018 წელს თბილისის თვითმმართველობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა დედაქალაქის საკრებულოს შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება და 2018 წლის წარმომადგენლობითი ხარჯებიც,  დედაქალაქის მერი,  კახა კალაძე გამოეხმაურა.

კალაძის თქმით, ყველა ცვლილება და ხარჯი განპირობებულია აუცილებლობიდან გამომდინარე.

“ყველა ცვლილება, რომელიც ხორციელდება, განპირობებულია  და მიმართულია აუცილებლობიდან გამომდინარე. ალბათ ამის საჭიროება იყო, ბენზინს არავინ სვამს და სახლში არ მიაქვს, ამის საჭიროება იყო და იქნა გამოყენებული”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კვლევაზე კომენტარი გააკეთა თბილისის ყოფილმა მერმაც. დავით ნარმანიამ თავისი მმართველობის დრო გაიხსენა და განაცხადა, რომ პერსონალის აყვანა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში ხდებოდა.

“მინდა ხაზგასმით დავადასტურო ის, რომ კანონმდებლობით დადგენილ ლიმიტზე მეტი ხელშეკრულებით აყვანილი პერსონალი ჩვენ არ გვყოლია და კანონმდებლობას ნამდვილად ვიცავდით. ის, თუ ხელფასგარეშე დანამატები რანაირად და როგორ გაიცემოდა, ეს გაიცემოდა მოწესრიგებული ფორმით, შესაბამისად, ასევე კანონმდებლობიდან გამომდინარე,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, IDFI-ის კვლევის თანახმად, მერიის წარმომადგენლობითი ხარჯები 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, 32%-ით არის გაზრდილი.

მსგავსი თემები