სამკურნალო კურორტი, სადაც ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ არის – „მთავარის“ ფოტოკოლაჟი

მაღალმთიანი კლიმატური კურორტი გურიაში, რომელიც ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყითაა გარშემორტყმული, სეზონდე დამსვენებლების რაოდენობას ვერ იტევს.  კურორტზე განსაკუთრებით უცხოელები ჭარბობენ, ისინი, ვინც ადგილობრივებზე მეტად უვლიან და აფასებენ კურორტის სასწაულებრივ ჰავას.  მიუხედევად ტურისტების სიმრავლისა, კურორტი გაპარტახებულია და იქ ცხოვრების ელემენტარული პირობებიც კი არ არსებობს.

კურორტზე ძირითადად, ის პატარები მიჰყავთ, ვისაც ქრონიკული ბრონქიტი, მშრალი პლევრიტი, ლიმფადენიტი, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ბრონქული ასთმა ან ანემია აქვთ. ბახმაროს ჰავა კარგია მძიმე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გამოჯანმრთელების პერიოდში. ბახმაროს ჰავა საუკეთესოა უამრავი დაავადებისთვის.

განსაკუთრებით უხდება მათ, ვისაც ფილტვებისა და გულის ქრონიკული კომპენსირებული დაავადებები აწუხებს. მთის კლიმატის ბიოლოგიური მოქმედება მრავალფეროვანია: ამშვიდებს და ტონუსს მატებს ნერვულ სისტემას; აუმჯობესებს  სასიცოცხლო პროცესების რეგულაციას, ზრდის ორგანიზმის სენშეუვალობას სხვადასხვა დაავადების, მათ შორის- ინფექციური პათოლოგიების მიმართ. ოზონი, რომლითაც მდიდარია მთის ჰაერი: დამღუპველად მოქმედებს ბაქტერიებზე, ვირუსებსა და სოკოებზე; აძლიერებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს; სწრაფად ამცირებს და ხსნის ინტოქსიკაციის მოვლენებს; აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და სხვა.

მკურნალობასთან ერთად კურორტს დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა დაავადების საპროფილაქტიკოდ და ორგანიზმის გასაკაჟებლად.  განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მთის კურორტს ბავშვებისთვის.

 მიუხედავად არაერთი დაპირებისა, დღემდე კურორტისთვის ვერცერთმა ხელისუფლებამ მოიცალა. ხელისუფლების წარმომადგენლები კურორტს ძირითადად დღესასწაულებზე, მათ შორის ფერიცვალობაზე სტუმრობენ, სადაც ტრადიციული დოღი იმართება. წლევანდელ დოღზე კი ბახმაროს მოწესრიგებაზე ახალმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემაც ისაუბრა და პირობაც დადო.

„ჩვენი მთავარი მიზანია, ბახმარო გახდეს საერთაშორისო დონის კურორტი და იყოს  ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, საქართველოს სიამაყე და ამავდროულად, ძალიან  მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო ადგილობრივი მოსახლეობისთვის…  ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა გაითვალისწინებს იმას, რომ ბახმაროში ჩვენ გვქონდეს ფაქტობრივად ოთხსეზონიანი კურორტი, განაშენიანება იყოს ტიპური და არა ქაოსური“ – აღნიშნა პრემიერმა.

 

მსგავსი თემები