„ბარსელონა ჩაკვდა, ყველაფერი იკრძალება, ჯარიმები 600 ევრომდეა“ – ქართველი ემიგრანტი

ესპანეთში სამედიცინო პირბადე 9 ევრო ღირს. გაზრდილი ფასები, პროდუქტებზე უსაშველო რიგები, შეზღუდული გადაადგილება და ტრანსპორტი და დიდი პანიკა – ასეთი ვითარებაა დღეს ესპანეთში. როგორც ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა მხატვარმა ეკა სიხარულიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ვისაც პოლიცია ქუჩაში გააჩერებს და მისი გადაადგილების აუცილებლობას ვერ დაინახავს, 100-დან 600 ევრომდე აჯარიმებს.   

„ვითარება საკმაოდ რთულია, ქუჩაში არავინ ჭაჭანებს, ყველაფერი დაკეტილია, მუშაობს მარტო აფთიაქი, სუპერმარკეტები, და ბანკი. ვართ პირბადეებითა და ხელთათმანებით. არის ძალიან დაძაბული სიტუაცია. მოძრაობა, ტრანსპორტი შემცირდა, ღია არის ბანკები, პროდუქტების მაღაზია და აფთიაქები. საშინელება ისიც, რომ 1 პირბადე 9 ევრო ღორს. ეს პოლიტიკაა აქ“’ – განაცხადა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში ეკა სიხარულიძემ.  

რაც შეეხება ქუჩაში გასვლას, მისივე თქმით, ამას პოლიცია აკონტროლებს და მოქალაქეებს აჯარიმებს.

„ძალიან ცუდ დღეში არიან ის დასაქმებულებიც, რომლებიც საათობრივ ანაზღაურებაზე მუშაობენ. თავისთავად, ისინი დარჩნენ სახლში და გამომუშავებულ ანაზღაურებასაც არავინ გადაუხდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ემიგრანტები საქართველოში თანხის გადარიცხვასაც ვერ შეძლებენ. რაც შეეხება მაღაზიებს, საკმაოდ დიდი რიგებია. 9:30 საათზე შევედით და ცირიელები გამოვედით. ასევე, ქუჩაში გასვლაზე შემოღებულია ჯარიმები 100-დან 600 ევრომდე. თუ პოლიციამ გაგაჩერა და ვერ დაუსაბუთე, რომ პროდუქტზე ან აფთიაქში მიდიხარ, ჯარიმა უნდა გადაიხადო. ასე რომ ბარსელონა ჩაკვდა“ – განუცხადა ესპანეთში მცხოვრებმა მხატვარმა „მედიაცენტრ მთავარს“.   

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები