ბარსელონა-თბილისის გადადებული რეისის მგზავრებს გამოფრენის ალტერნატიული ვარიანტები შესთავაზეს

საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, ბარსელონა-თბილისის გადადებული რეისის მგზავრებს გამოფრენის ალტერნატიული ვარიანტები შესთავაზეს. 

მათივე წცნობით, მგზავრებს შეუძლიათ, ოთხშაბათის რეისს დაელოდონ ან სხვა ავიაკომპანიის საშუალებით გამოფრინდნენ, რომლის ბილეთის ღირებულებაც აუნაზღაურდებათ.

„20 ოქტომბერს, დილით უნდა განხორციელებულიყო ბარსელონა-თბილისის რეისი, მაგრამ ქართულმა ავიახაზებმა მიიღეს შეტყობინება, რომ ბარსელონაში შექმნილი სიტუაციის გამო, არ არსებობდა თვითმფრინავის მიღებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოების გარანტია. თბილისიდან რეისი ბარსელონის მიმართულებით არ განხორციელდა და შესაბამისად, არც ბარსელონადან თბილისის მიმართულებით. აეროპორტში დარჩენილ მგზავრებს შესთავაზეს: 1. დაელოდონ ოთხშაბათის რეისს, რა დროსაც გამოიყენებენ 20 ოქტომბრის ბილეთებს; 2. თავად შეიძინონ ბილეთი იმ ქალაქებამდე, საიდანაც დაფრინავენ ქართული ავიახაზები (ქართულ ავიახაზებზე გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ 20 ოქტომბრის ბილეთს); 3. შეიძინონ ახალი ბილეთი სხვა ავიახაზებზე და ქართული ავიახაზები აუნაზღაურებენ თავიანთი ბილეთის საფასურს. მოქალაქეთა უმეტესობამ მოაგვარა საკითხი და ამ ეტაპზე, აეროპორტში რჩება 10-მდე ადამიანი (მათ შორის სომხეთის მოქალაქეები)“, – აღნიშნავენ ბარსელონაში საქართველოს გენერალურ საკონსულოში.

მათივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოსთვის არ მიუმართავთ, გენსაკონსულო ფლობს ინფორმაციას არსებული ვითარების შესახებ და აეროპორტში დარჩენილ მოქალაქეებს მოინახულებს გენერალური კონსული.

„ადგილზე ქართული ავიახაზების წარმომადგენელი აცხადებს, რომ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ამ ეტაპზე, მათი თქმით, თანხის გარეშე არიან, ქართული ავიახაზები თავად შეუძენს ბილეთს“, – აღნიშნავენ საქართველოს გენერალურ საკონსულოში.

მსგავსი თემები