„ბავშვის კვების ბარათით” ალკოჰოლური სასმელისა და თამბაქოს შეძენა დაუშვებელია

100 001-ზე ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახი, 16 წლამდე ბავშვების 50-ლარიან დახმარებას დღეიდან მიიღებს. ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) ჩარიცხვა დღეს, საღამოს საათებში დაიწყება და ეტაპობრივად ყველა მომხმარებლის ანგარიშზე აისახება. ​

​როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში განაცხადეს, 100 001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახი, ყოველ 16 წლამდე ასაკის წევრზე 50 ლარის ოდენობის შემწეობას იღებს. რიგ მუნიციპალიტეტებში, ზემოაღნიშნული 50 ლარის ოდენობის საარსებო შემწეობა გაიცემა ფულის სახით, ანუ თანხა ჩაირიცხება ოჯახის საბანკო ბარათზე და შესაძლებელი იქნება სრულად განაღდება. მუნიციპალიტეტების ნაწილში კი, 16 წლამდე ასაკის წევრისთვის განკუთვნილი 50-ლარიანი შემწეობიდან, 20 ლარი ჩაირიცხება ოჯახის საბანკო ბარათზე (თანხის განაღდების უფლებით), ხოლო დარჩენილი 30 ლარი „ბავშვის კვების ბარათზე“ (ბარათიდან თანხის განაღდების უფლების გარეშე).

მათივე ინფორმაციით, „ბავშვის კვების ბარათით” შესაძლებელია მხოლოდ სურსათის შეძენა და დაუშვებელია ალკოჰოლური სასმელისა და თამბაქოს ყიდვა.

„ბავშვის კვების ბარათს“, ისევე, როგორც ოჯახის საბანკო ბარათს, „ლიბერთი ბანკი“ გასცემს ოჯახის იმ სრულწლოვან პირზე, რომელიც განსაზღვრულია საარსებო შემწეობის თანხის მიმღებად.

„ბანკის ფილიალებიდან „ბავშვის კვების ბარათისა“ და საარსებო შემწეობის თანხის გატანა ხვალიდან, 21 მარტიდან იქნება შესაძლებელი. „ბავშვის კვების ბარათით“ სარგებლობა შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულ სავაჭრო ობიექტებში“ , – აცხადებენ სააგენტოში.

მსგავსი თემები