ბაგრატიონები ერთმანეთის მეფეთა დინასტიასთან კავშირს ვერ ხედავენ და მის დადასტურებას დნმ-ის ანალიზით ითხოვენ – სამეფო ოჯახის დაპირისპირება ჩიხში შევიდა

„ნუგზარ ბაგრატიონს ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მეფეებთან არანაირი კავშირი არ გააჩნია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დნმ-ის ანალიზის წარმოდგენა უნდა შეეძლოთ, რასაც თავს არიდებენ“ – აღნიშნული განცხადება ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ „მედიაცენტ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

უფლებადამცველის განმარტებით, მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკის შთამომავლები არიან, რომელიც რუსეთის იმპერიის განათლებული თავადი იყო და არა – მეფე.

„ისტორიული კვლევის საფუძველზე, საქართველოს ისტორიულ არქივში გამოიძიებული იქნა დოკუმენტები და მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ არიან პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკის შთამომავლები, რომელიც იყო რუსეთის იმპერიის განათლებული თავადი და არა მეფე.

არ არსებობს სააქტო ჩანაწერი, პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკის სიცოცხლეში, რომ მას ჰყავდა შვილი პეტრე გრუზინსკი, რომელიც იყო ნუგზარ ბაგრატიონის მამა.

ჩვენმა მხარემ სადავო გავხადეთ მათი კავშირი ბაგრატიონთა დინასტიასთან და მოვთხოვეთ, წარმოედგინათ შესაბამისი სააქტო ჩანაწერი. მსგავსი ჩანაწერი მათ არ წარმოუდგენიათ და ვერც წარმოადგენენ, იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ გამოვიკვლიეთ აღნიშნული ფაქტი და პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკის სიცოცხლეში მას შვილი პეტრე პეტრეს ძე გრუზინსკი არ ჰყოლია”, – აღნიშნავს ლევან ჩხეიძე.

ადვოკატის თქმით, იურიდიული დოკუმანტაციის არარსებობის გამო, მოსარჩელე მხარეს დნმ-ის ტესტის ჩატარება მოსთხოვეს, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

„ვინაიდან იურიდიული დოკუმენტები არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს ნუგზარ გრუზინსკის ნათესავურ კავშირს ბაგრატიონთა დინასტიასთან, მოვთხოვეთ, მას ჩაეტარებინა დნმ-ის კვლევა, რომელსაც ჩვენი მხარე დააფინანსებდა და წარმოედგინა მისი დნმ-ის ანალიზის პასუხი.

სამწუხაროდ, ბატონი ნუგზარი ჯიუტად არიდებს თავს ამ ანალიზის ჩატარებას, რაც კვლავ ამძაფრებს ეჭვს, რომ რეალურად გვაქვს საქმე გამყალბებლებთან, ადამიანებთან, რომლებიც დაუმსახურებლად ითვისებენ სხვის გენიალოგიას, გვარს და ღირსებას.

სასამართლომ დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც შეიჭრა ისტორიულ კვლევა-ძიებაში, რადგან ეს არ არის სასამართლოს საქმე. ვინ ვისი შვილია და ვისი შთამომავალია, ამის დადგენას არავითარი ისტორიკოსები და კვლევა-ძიება არ სჭირდება“, – განაცხადა ლევან ჩხეიძემ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები