ბაგრატიონების დავა სტრასბურგში გაგრძელდება – დავითი ანას არაფერს უთმობს

„კი ბატონო, წავიდნენ სტრასბურგში, იჩივლონ, იდავონ, დახარჯონ თანხა, თუმცა ეს ყველაფერი უპერსპექტივოა“ – ასე პასუხობს დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე ბაგრატიონ-გრუზინსკებს.

მეფე-დედოფლის დაპირისპირება გრძელდება. დავით ბაგრატიონის ინტერესების დამცველი ლევან ჩხეიძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ნუგზარ და ანა ბაგრატიონების საჩივრის განხილვაზე უარი თქვა, „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„საქმის მთავარი ნაწილი შეწყვეტილია, რომლის მიხედვითაც, მოწინააღმდეგე მხარეს სურდა, დავით ბაგრატიონს აკრძალვოდა სამეფო სახელის გამოყენება. ჩემი მოლოდინი გამართლდა და ეს იყო სწორი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რამეთუ მოწინააღმდეგე მხარეს არ ჰქონდა იურიდიული ინტერესი. 1921 წლის კონსტიტუციით, გაუქმებულია ყველა არისტოკრატიული სტატუსი. 1995 წლის კონსტიტუცია კი, რომელიც 1921 წლის კონსტიტუციის სამართალმემკვიდრეა, არ აღიარებს სამეფო ტიტულებს, შესაბამისად მათი დაცვა სასამართლო წესით შეუძლებელია,”- განაცხადა დავით ბაგრატიონის ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში”.

რაც შეეხება სტრასბურგში სამომავლო დავას, ადვოკატი ამბობს, რომ სცადონ თუმცა, არაფერი გამოვა.

“მათ აქვთ სტრასბურგის სასამართლოში მიმართვის უფლება, მაგრამ, პირდაპირ გეტყვით, სტრასბურგის სასამართლოში სამოქალაქო ტიპის დავას არ განიხილავს. მითუმეტეს, დავა არისტოკრატულ ტიტულთან დაკავშირებით, იმდენად უპერსპექტივო და ბუნდოვანია, რომ ამაზე სერიოზული საუბარი ძნელია. რა უფლება დაერღვათ მოწინააღმდეგე მხარეს? რაზე იჩივიან? ბუნდოვანია. არ ვიცი, სცადონ. ყოველ შემთხვევაში, პერსპექტივას ამ კუთხით ვერ ვხედავ,”- განაცხადა ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში.

ადვოკატი სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებს გარიგებაშიც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ შეთანხმების გარეშე ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ.

“ვიცნობთ რა ქართული მართლმსაჯულების სპეციფიკას, ვითვალისწინებთ საქმის რეზონანს, სამი მოსამართლისაგან შემდგარი კოლეგია მოცემულ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა სააპელაციო სასამართლოსთან შეთანხმების გარეშე. რათქმაუნდა ეს შეთანხმება არაოფიციალურად მოხდებოდა. მით უფრო, რომ ერთხელ უკვე საქალაქო სასამართლომ უარი თქვა მოცემული საქმის წარმოებაში მირებაზე”- განაცხადა ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავართში”.

შეგახსენებთ, რომ ბაგრატიონ-გრუზინსკებმა საქალაქო სასამართლოს ადრეც მიმართეს, თუმცა, სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო. მოსარჩელეებმა აღნიშნული გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციომ კი საქმე საქალაქო სასამართლოში დააბრუნა და მისი განხილვა დაავალა.

მსგავსი თემები