ბაგრატიონების დავაში ექსპერტიზა ერთვება – რეალურია თუ არა სამხარაულის დასკვნა

მეფე-დედოფლის დაპირისპირებაში ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროც ჩაერთო. დავით ბაგრატიონისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ფიზიკური დაპირისპირების ნაწილში მოპასუხედ სწორედ ექსპერტიზის ბიურო ერთვება.

როგორც ექსპერტიზის ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ანა ბაგრატიონის დაზიანების შესახებ სამართალდამცველებს იმიტომ არ შეატყობინეს, რომ მსგავსი ვალდებულება მათ არ ჰქონდათ.

მათივე ინფორმაციით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ 2014 წლის 14 მაისს მიმართა. კვლევის ობიექტი კი საკუთარ თავზე სამედიცინო შემოწმება იყო.

„ანა ბაგრატიონ გრუზინსკის თხოვნა იყო ამბულატორიული სამედიცინო შემოწმება, სხეულზე არსებული დაზიანების და მათი ხანდაზმულობის შესახებ. დასკვნა გაიცა 2014 წლის 20 მაისს.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამოკვლევის შედეგები სამართალდამცავ ორგანოებთან იმ მიზეზით არ გადაიგზავნა, რომ ეს ვალდებულება ბიუროს მაშინ არ გააჩნდა და ის საქართველოს კანონმდებლობაში გაჩნდა 2017 წლის 1 ივნისიდან“ – განუცხადეს „მთავარს“ ექსპერტიზის ბიუროში.

სამეფო ოჯახის დაპირისპირებაში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ჩართვის აუცილებლობა დავით ბაგრატიონის ადვოკატის განცხადებამ გამოიწვია. კერძოდ, როგორც ლევან ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გამორიცხული არ არის, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო დასკვნა სიმართლეს არ ასახავდეს.

თუ დასკვნა სწორია, ადვოკატის განცხადებით, მის შესახებ ბიუროს სამართალდამცველებისთვის უნდა ეცნობებინა.

მსგავსი თემები