“ბაღდათში, ხანძრის შედეგად დაღუპული ოჯახის წევრები სახელმწიფოსგან ყველა შესაბამის დახმარებას იღებდნენ” – დიმიტრი ხუნდაძე

“ბაღდათში, ხანძრის შედეგად დაღუპული ოჯახის წევრები, როგორც ბავშვები, ისე მშობლები, სოციალური სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფოსგან იღებდნენ ყველა შესაბამის დახმარებასა და შეღავათს. ასევე, მედიაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება თითქოს ამ ოჯახს სახლი არ ჰქონდა და ცხოვრობდნენ აღნიშნულ მისამართზე”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სრულიად საქართველოს უსამძიმრებს ამ დიდ ტრაგედიას.

“სამწუხაროდ, ბაღდათში მოხდა უდიდესი ტრაგედია, რასაც ადამიანების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ახლობლებს და სრულიად საქართველოს. რა თქმა უნდა, ემოციურად ძალიან რთულია ამ საკითხზე საუბარი, მითუმეტეს, როდესაც ასეთ ტრაგედიებს ადამიანების, განსაკუთრებით კი ბავშვების სიცოცხლე ეწირება; სამწუხაროდ, გარდაცვლილი ბავშვების სიცოცხლეს ვეღარაფერი დაგვიბრუნებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩატარდება გამოძიება და დაადგენს ხანძრის გაჩენის მიზეზებს.

ამ ოჯახის წევრები, როგორც ბავშვები, ისე მშობლები, სოციალური სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფოსგან იღებდნენ ყველა შესაბამის დახმარებასა და შეღავათს. ასევე, მედიაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება თითქოს ამ ოჯახს სახლი არ ჰქონდა და ცხოვრობდნენ აღნიშნულ მისამართზე. რეალურად ბაღდათში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ოჯახის წევრები ბაღდათში, თამარ მეფის N13-ში მდებარე შენობაში ცხოვრობდნენ, რომელიც ოჯახს ბაღდათის მერიამ გადასცა და სწორედ ამ მისამართზე იღებდნენ სოციალურ დახმარებასაც”, – აცხადებს ხუდაძე.

დეპუტატის თქმით, ასეთი ტრაგედიის ფონზე, ოპონენტების მხრიდან პოლიტიკური ქულების ჩასაწერი მიზეზების ძებნა და ცრუ ინფორმაციების გავრცელება ძალიან დიდი სირცხვილია და ყოველგვარ მორალურ ჩარჩოებს სცდება.

“ოჯახს 2019 წლის ოქტომბერში დროებით მართლაც შეუჩერდა საარსებო შემწეობა მოხსენების საფუძველზე, რადგან არ ჰქონდა დაფიქსირებული აბონენტის ნომერი და კომუნალურშიც ჰქონდა ნული. ოჯახმა 22 ოქტომბერს შეავსო დეკლარაცია და 21 ნოემბერს ხელახლა მიენიჭა სარეიტინგო ქულა და აღუდგათ საარსებო შემწეობა. 2019 წლის დეკემბერში ჩაერიცხათ დროებით შეჩერების განაცდური თანხა: ჯამში 2040 ლარი. მას შემდეგ 2020 წლის იანვარში მათ ჩვეულებრივ ჩაერიცხათ ყოველთვიური საარსებო შემწეობა – 680 ლარი. საერთო ჯამში, ამ ოჯახს სახელმწიფო ყოველთვიურად 1330 ლარს ურიცხავდა. მათთან ერთად ცხოვრობდა 1980 წელს დაბადებული გრიგოლ გველესიანი, რომელიც 2020 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა. ამ ერთი კვირის წინ, მათ მიმართეს რაიონის სოციალურ სამსახურს და აცნობეს ოჯახის წევრის გარდაცვალების შესახებ, თან უთხრეს, რომ დაალაგებდნენ თუ არა სახლს თამარ მეფის ქუჩაზე, საიდანაც გაასვენეს გარდაცვლილი გრიგოლ გველესიანი, დაბრუნდებოდნენ აღნიშნულ მისამართზე. ამ მიზეზით იმყოფებოდა ეს ოჯახი ხანძრის დროს წერეთლის ქუჩაზე, სადაც სავარაუდოდ დედამისი ცხოვრობდა დროებით.

კიდევ ერთხელ გამოვთქვამ მწუხარებას, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ახლობლებს და მოვუწოდებ ყველას, პოლიტიკური სპეკულაციისთვის არ გამოიყენონ უბედური შემთხვევა. ეს ყველაზე დიდი უზნეობაა”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

ცნობისთვის, ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები.

მსგავსი თემები