ახალი სასწავლო წლისთვის თბილისის სასწავლო დაწესებულებებთან ინფრასტრუქტურას აწესრიგებენ 

თბილისის ისნის რაიონის გამგეობამ, მოსახლეობის თხოვნით, ვაზისუბანში არსებულ საჯარო სკოლებთან და საბავშვო ბაგა-ბაღებთან ახლომდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობა-განახლება დაიწყო. შანდორ პეტეფის ქუჩის N157-ში მდებარე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლამდე ასასვლელი რკინა-ბეტონის კიბე ეწყობა. მოეწყობა კიბემდე მისასვლელი ბილიკიც, რაც მოსწავლეებს გადაადგილებას გაუადვილებს.

ასევე, N163 საბავშვო ბაგა-ბაღის შესასვლელთან, მოსახლეობის თხოვნით, ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდება, რათა საჯარო დაწესებულებისა და საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდეს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ისნის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, კიბე ეწყობა კიდევ ორ მისამართზე – ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის, III კვარტლის N5 კორპუსთან და ვაზისუბნის II მიკრორაიონის N6 კორპუსთან მდებარე N163 საბავშვო ბაგა-ბაღთან, სადაც კიბესთან ერთად, ცენტრალური გზის მხრიდან, ახალი საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა.

მათივე ინფორმაციით, უახლოეს დღეებში კორპუსის ეზოს კეთილმოწყობისა და გზის მთლიანად მოასფალტების სამუშაოები დაიწყება.

მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ, ვაზისუბნის მაჟორიტარ დეპუტატებთან ირაკლი აბუსერიძესთან და ლევან დავითაშვილთან ერთად გააცნო.

მსგავსი თემები