ახალაშენებულ კორპუსში ახალმოსახლეთა შეშვების წესები გამკაცრდება

ახალაშენებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობა გამკაცრდება, შენობაში მობინადრეების შესახლება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც მას მუნიციპალიტეტის მთავრობა ექსპლუატაციაში მიიღებს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, ერთჯერადი ამნისტია შეეხება ისეთ შენობებს, რომელთა მშენებლობა დასრულებულია და შენობა, ხშირ შემთხვევაში, შესახლებულიცაა, თუმცა გარკვეული დარღვევების გამო, ექსპლუატაციაში ვერ შედის.

თბილისის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან და მოადგილეებთან – ილია ელოშვილსა და მაია ბითაძესთან ერთად, სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებს მერმა სამშენებლო სექტორში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო. განსახილველ საკითხთა შორის იყო, ასევე, 2009 წლამდე არსებული ნორმის აღდგენა, რაც გულისხმობს დასრულებული შენობა-ნაგებობის ფუნქციონირების ან მასში შესახლების აკრძალვას ექსპლუატაციაში მიღებამდე; დეველოპერები, ასევე, გაეცნენ დაგეგმილ ცვლილებას, რომელიც გაჩერებული მშენებლობების დასრულების მხარდაჭერის მიმართულებით გატარდება.

შეხვედრა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

„სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, გავაცანით ცვლილებები, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ საკანონმდებლო დონეზე. ეს, პირველ რიგში, შეეხება ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების მიმართ ერთჯერადი ამნისტიის გამოცხადებას, შემდგომში კი კანონმდებლობის უფრო მეტად გამკაცრებას, რათა მშენებლობების პროცესში ამგვარი დარღვევები აღარ მივიღოთ; ასევე ვაპირებთ, გავამკაცროთ კანონმდებლობა ექსპლუატაციაში მიღებამდე შენობა-ნაგებობის ფუნქციონირების ნაწილში – გვინდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ შენობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ იყოს შესაძლებელი შენობის ფუნქციონირება და მასში ცხოვრება. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს შეღავათების დაწესება დაუსრულებელი მშენებლობების მიმართულებით. ამ შემთხვევაშიც, ჩვენი სურვილია, აღარ გაჩნდეს ქალაქში ასეთი დაუსრულებელი, უსახური მშენებლობები. ამ ინიციატივებს დეველოპერების მხრიდან საკმაოდ დადებითი რეაქცია მოყვა. ძირითად ნაწილში შევთანხმდით, რომ სამივე ცვლილება მნიშვნელოვანი  და აუცილებელია, თუმცა გამოითქვა კონკრეტული მოსაზრებებიც, შენიშვნებიც. ჩვენ მათ აუცილებლად გავითვალისწინებთ“, – განაცხადა მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა.

შეხვედრის ბოლოს გადაწყდა, რომ სამშენებლო კომპანიებს საშუალება ექნებათ, აღნიშნული ცვლილებების პროექტს უფრო დეტალურად, წერილობითი ფორმით გაეცნონ, რის შემდეგაც, კიდევ ერთი შეხვედრაა დაგეგმილი.

მსგავსი თემები