აცრების შესამოწმებლად აპლიკაცია შეიქმნა – ბაღებსა და სკოლებში ცნობის წარდგენა სავალდებულო ხდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შეიქმნა აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც მშობლებს საკუთარი თავისა და მათი შვილების აცრების სტატუსის შემოწმება შეუძლიათ. ​მომავალი კვირიდან აპლიკაციას ამობეჭდვის ფუნქცია დაემატება, რითაც მშობლებს შეეძლებათ, აცრების ჩამონათვალი თავად ამობეჭდონ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში წარადგინონ.

აპლიკაციის სახელწოდებაა Immunization/იმუნიზაციის აპლიკაცია, რომლის გადმოწერა შესაძლებელია Play Market და Apple Store -დან.

​აპლიკაციის სარგებლობის წესები შემდეგია:
1. დარეგისტრირდებით პირადი ნომრით და ნახავთ პირად ნომერზე რეგისტრირებული ბავშვების აცრის სტატუსს, რომელიც იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებული აქვს პოლიკლინიკას;
2. აცრის დროულად ჩასატარებლად, შეგიძლიათ, ნახოთ რომელი აცრა უწევს ბავშვს გეგმურად;
3. ბავშვის აცრის თაობაზე ინფორმაცია ამ აპლიკაციის მეშვეობით ხელმისაწვდომი გახდება იმ შემთხვევაში, თუ პოლიკლინიკაში დარეგისტრირებულნი არიან მშობლები და ბავშვისთვის ჩატარებული აქვთ ყველა აცრა;
4. იმ შემთხვევაში თუ იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში არ არის დარეგისტრირებული თქვენი მონაცემები, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მიმართეთ თქვენს პოლიკლინიკას და მოითხოვეთ ინფორმაციის რეგისტრაცია იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ სისტემაში.

შეგახსენებთ, რომ სკოლებსა და ბაღებში ბავშვების აცრების შესახებ ცნობის წარდგენა სავალდებულო პირველი ივნისიდან გახდება. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის განცხადებით, ჯანმრთელობის შესახებ სავალდებულო ცნობაში აცრის სტატუსის გრაფაც დაემატება.

2019 პირველი იანვრიდან საქართველოს ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ნებისმიერი ადამიანი ვალდებულია, ეროვნული კალენდრით განსაზღვრული პროფილაქტიკური აცრები გაიკეთოს. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით, 14 წლამდე ბავშვებისთვის ათი სავალდებულო აცრაა განსაზღვრული, მათგან ცხრა ხუთ წლამდე ასაკში კეთდება.

მსგავსი თემები