“აქცია 10:00 საათის შემდეგ გახდა ორგანიზებული შტურმი” – გიორგი გახარია

შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პოლიცია იძულებული და ვალდებული იყო, სპეციალური საშუალებები გამოეყენებინა, რომ ინსტიტუციური ჩამოშლა და სამოქალაქო დაპირისპირება თავიდან აეცილებინა.

მინისტრმა იმ ვიდეო კადრებზეც ისაუბრა, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” იყენებს და აცხადებს, რომ ამ კადრებით ნიკანორ მელიას უდანაშაულობა მტკიცდება.   

“ეს კადრები არის სრული ფარსი. ნიკანორ მელიას, რა თქმა უნდა, აქვს თავდაცვის უფლება და რა თქმა უნდა შეუძლია ყველა სახის კადრები იპოვოს, მოძებნოს გამოაქვეყნოს, თავისი ვერსიები წარმოადგინოს, მაგრამ ამ კადრებიდან ჩანს ერთი, რომ ნიკანორ მელია და მის ირგვლივ მყოფი პოლიტიკოსები იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები და ლიდერები. ეგონათ, რომ ეს იქნებოდა მათი სასარგებლო ჩვენება, ვნახავთ სასამართლოში როგორ იქნება გამოყენებული, როდესაც ჩვენ პარალელურ კადრს დავადებთ. როდესაც, ნიკანორ მელია ამას საუბრობს, ზუსტად იგივე მომენტში, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, სულ სხვა ფლანგებიდან, პირდაპირი შტურმი მიმდინარეობდა პარლამენტის შენობაზე” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის შეფასებით, სიტყვა “დარბევა” ამ შემთხვევაში სამართლებრივადაც არასწორია: “ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია.  ეს აქცია10:00 საათის შემდეგ გახდა ორგანიზებული შტურმი პარლამენტის შენობის აღებით. როცა ბატონი ნიკანორ მელია ამას საუბრობს, სულ სხვა ფლანგებიდან პირდაპირი შტურმი მიდიოდა პარლამენტის შენობაზე. ეს არის ერთი რაკურსი რასაც ისინი ატრიალებენ. შეხედეთ, ნახეთ 4 კამერა და დამთავრებულია ყველაფერი. ეს იყო ჩვეულებრივი შტურმი და არა მძიმე სანახავი კადრები. სად არის აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაო. ეს აქცია ორგანიზებული იყო პოლიტიკოსების მხრიდან. მას მერე, რაც აქცია გახდა ძალადობრივი, პოლიციას ჰქონდა საშუალება გამოეყენებინა ყველა შესაძლებლობა. პოლიცია ვალდებულია, ასეთ დროს, გამოიყენოს სპეციალური საშულებები რომ არ დაუშვას ინსტიტუციური ჩამოშლა და სამოქალაქო დაპირისპირება. ეს იყო მოგერიება”. 

მსგავსი თემები