აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესია გაიხსნა

აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად, სექტემბრის პირველ სამშაბათს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესია გაიხსნა. სესია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ გახსნა, რომელმაც  უმაღლეს საბჭოში გაწეული მუშაობასა და განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, საბჭოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის უზენაეს სახელმწიფო ინტერესებზე დაფუძნებულ  საქმიან ურთიერთობებზე, რამაც ჯემალ გამახარიას განმარტებით, უზრუნველყო რეფორმების დაწყება უმაღლეს საბჭოსა და მთავრობაშიც, რომელიც მიმდინარეობდა არდადეგების პერიოდშიც და ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.

ჯემალ გამახარიას განმარტებით, უმაღლესი საბჭოს აპარატის რეორგანიზაცია მიმდინარეობს არსებული კანონმდებლობის სრული დაცვით და საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროსთან კომუნიკაციით. რეორგანიზაციის მიზანია წლების განმავლობაში არსებული უფუნქციო სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობების ნაცვლად კონკრეტული ფუნქციებით დატვირთული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული ისეთი სტრუქტურების ჩამოყალიბება,  რომელიც საჭიროა უმაღლესი საბჭოს გრძელვადიანი გეგმებისა და პროექტების სრულად რეალიზებისთვის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  მიმდინარე რეორგანიზაციისას საჭიროდ ჩაითვალა თავმჯდომარის კაბინეტის ჩამოყალიბება.   

წარმომადგენლობითი ორგანოს უმთავრესი ფუნქცია კანონშემოქმედებაა და როგორც ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეული იქნება საშემოდგომო სესია, რომლის უპირველესი ამოცანაა აფხაზეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, ფაქტობრივად კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღება, რაც ითვალისწინებს 2018 წლის ბოლოს ამოქმედებულ საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში მის მოყვანას. აღინიშნა ისიც, რომ მოინახა კანონიერი გასაღები მოქმედი კონსტიტუციის 112-ე პრიმა მუხლთან დაკავშირებით, რომელიც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნისა და განთავისუფლების წესს ადგენს.

როგორც სესიის გახსნის დღეს გაცხადდა, უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობას განზრახული აქვს მთელი ეს სამუშაო ამ საშემოდგომო სესიის განმავლობაში განახორციელოს.

კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების შემდეგ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებები მომზადდება, რათა ის მოვიდეს აფხაზეთის კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში. იგივე მიზნით, ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში „აფხაზეთის ა/რ მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“.

„ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება ვალდებულია, მთელი ძალისხმევა მიმართოს დეოკუპაციის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობისკენ, რაც, უპირველეს ყოვლისა, აფხაზურ საზოგადოებასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკის განხორციელებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს. მისი მიზანი აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებთან პირდაპირი დიალოგის წარმოებაა იმის გათვალისწინებით, რომ ამ კუთხით არსებობს პრობლემები, კერძოდ ის, რომ დიალოგის წარმოება მეორე მხარის სურვილის გარეშე შეუძლებელია. მიზნის მისაღწევად იგეგმება ყველა რესურსის მაქსიმალური ამოქმედებისთვის მზაობა, სახალხო დიპლომატიის ფორმატში მონაწილეობა, ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა სპეციალური მემორანდუმის ფორმატით, რათა  დიალოგი არაფერზე ანუ უსაგნო შეხვედრები გამოირიცხოს. კონკრეტული შეთავაზება იქნება შედეგის მომტანი, ისეთი, როგორიც უკვე გააკეთა ქართულმა სახელმწიფომ ჯანდაცვის პროგრამის, აგრეთვე პროექტების „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და  „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ სახით“ – აღნიშნა ჯემალ გამახარიამ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების კუთხით არსებულ ვითარებაზე, რაც, მისივე განცხადებით, საერთაშორისო სასამართლოების განხილვის საგანი უნდა გახდეს.

მან ყურადღება გაამახვილა ოკუპანტების წინააღმდეგ საინფორმაციო ომის მაღალ დონეზე წარმოების მნიშვნელობას, რომელიც შესაძლებელს გახდის მსოფლიო თანამეგობრობისათვის და ყველა დაინტერესებული მხარისთვის აფხაზეთის პრობლემატიკაზე სრული სიმართლის დამაჯერებლად მიწოდებას.

         „ბევრი მტკიცება არ სჭირდება, თუ რამდენად აუცილებელია ჩვენთვის ოკუპანტების წინააღმდეგ საინფორმაციო ომის იმ დონეზე წარმოება, რომ ეს ომი ჩვენ მოვიგოთ, სხვა უფლება არცა გვაქვს; უნდა მოვიგერიოთ მოსკოვიდან მომდინარე ჰიბრიდული  შეტევები. მდგომარეობას ართულებს ის გარემოება, რომ კრემლი საკმაოდ წარმატებით ახერხებს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომში იმ აგენტურის თუ მოსყიდული ადამიანების ჩართვას, რომლებიც მას “მოფაშისტო” ელემენტების სახით მრავლად ჰყავს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, როგორებიც თუნდაც, ახლახან  სოხუმში ჩატარებულ „არჩევნებს“ „აკვირდებოდნენ“. ჩვენი მხრიდან წარმოებული ინფორმაციული ომის მიზანი უნდა იყოს მოწინააღმდეგეთა როგორც დასაბუთებული მხილება, ისე აფხაზურ საზოგადოებასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკის პოპულარიზაცია; სერიოზული საინფორმაციო უზრუნველყოფა სჭირდება დაგეგმილი პროექტების  რეალიზებასაც“ – აღნიშნა ჯემალ გამახარიამ.

         ჯემალ გამახარიას განმარტებით, მიმდინარე სასესიო პერიოდში, საფუძველი ჩაეყრება ონლაინ კავშირის დამყარებას დევნილ მოსახლეობასთან, საქართველოში არსებულ ყველა ძირითად ჩასახლებასთან, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან, რათა მოხდეს მათ  პრობლემებსა თუ შეკითხვებზე ოპერატიული რეაგირება.

დაგეგმილია უმაღლესი საბჭოს მიერ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმების გაფორმება ყველა რეგიონის, ყველა რაიონის, ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოებთან, სადაც დევნილები კომპაქტურად სახლობენ.    

ეფექტური და ნაყოფიერი მუშაობის უზრუნველსაყოფად დაგეგმილია უმაღლესი საბჭოში სამუშაო პირობების გაუმჯობესება, სხდომათა დარბაზის და სამუშაო ოთახების გამოყოფა, ელექტრონულ საქმისწარმოებაზე სრული გადასვლა.

მსგავსი თემები