აფხაზეთის ავტონომიური საბჭოს სხდომა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და სესიის სხდომები გაიმართა, სადაც განიხილეს საკითხები „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“.

მოხსენებებით წარსდგნენ უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი და უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი გასვიანი. ასევე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, რომლის თაობაზე მოხსენებით წარსდგა უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია. ბიუჯეტთან დაკავშირებით მოსაზრებები და შენიშვნები წარმოადგინეს უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ.

 რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით უმაღლესი საბჭოს კომიტეტების რაოდენობა შემცირდა, რადგან გაუქმდა ერთი კომიტეტი, რითაც მოხდა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და მართვის სრულყოფა.

 რაც შეეხება 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, ამ საკითხის განხილვამ დიდხანს გასტანა და ცხარე კამათის შემდგომ, სერიოზული შენიშვნებით მთავრობის მიმართ, დეპუტატებმა კენჭისყრით იგი დაამტკიცეს.

სხდომების მუშაობაში მონაწილეობდა 13 დეპუტატი. დღის წესრიგით წარმოდგენილ ორივე საკითხს 12-მა დეპუტატმა 1-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

 სესიის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ლევან თევზაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი რაულ წულაია და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძე. სხდომები დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

მსგავსი თემები