“არ მგონია, ეს მინისტრის სურვილით მომხდარიყო“ – მირიან წიკლაური დავით სერგეენკოს საუკეთესო მინისტრს უწოდეს

„სერგეენსკოს მუშაობა უფრო დადებითად უნდა შეფასდეს, ვიდრე უარყოფითად. ალბათ, ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო მინისტრი. ვფიქრობ, მან ისეთი გარდაქმნები მოახდინა ჯანდაცვის სისტემაში, რომლის მსგავსი, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში არც მომხდარა“ – აღნიშნული შეფასება დეპუტატმა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

როგორც დეპუტატი აცხადებს, დავით სერგეენკოს მიერ გატარებული რეფორმებით შვება ძალიან ბევრმა მოქალაქემ იგრძნო. ეს კი იმ შრომის შედეგი იყო, რასაც მინისტრი აკეთებდა.

„რაც მანამდე ხდებოდა, ამას რეფორმას ვერ დავარქმევ. ის, რაც სერგეენკომ გააკეთა, ეს იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემუშავება და გაშვება. ამ პროგრამამ ძალიან კარგად იმუშავა და ძალიან ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ შვება იგრძნო. ეს იყო მინისტრის დამსახურება იმით, რომ დღე და ღამეს როგორ ასწორებდა და მძიმე სამუშაოს ასრულებდა, ყველა დეტალს აკვირდებოდა და მისი დამსახურებაა რომ ამ პროგრამამ კარგად იმუშავა. ამის გარდა ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს დაუდო მან საფუძველი,“ – აღნიშნა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“ და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ნეგატიურად შეაფასა.

დავით სერგეენკოს ერთ-ერთ დამსახურებად კი ელიმინაციის პროგრამას მიიჩნევს, რომელმაც ათასობით ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა.

„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელმაც 100 ათასობით ჩვენს თანამემამულეს ფაქტიურად სიცოცხლე შეუნარჩუნა. თუ ერთი მიმართულებით გარკვეული ხარვეზი იყო, ნაკლებად იყო მისი ბრალი ან საერთოდ არ იყო მისი ბრალი. ამის გამო, დავით სერგეენკოს განთავისუფლება მიზანშეწონილი არ არის. მიზანშეწონილი იქნება, რომ გუნდთან ერთად ხდებოდეს გარკვეული საკითხების განხილვას. მით უმეტეს, ისეთი საკითხის, როგორიც არის ასეთი პოპულარული წარმატებული მინისტრის გადაყენება. არ მგონია, ეს თავად მინისტრის სურვილით მომხდარიყო“, – განაცხადა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები