“არ იქნება გადაადგილების ისეთი შეზღუდვა, რომ ადამიანს არ შეეძლოს ერთი ადგილიდან დანიშნულების ადგილზე მისვლა” – მამუკა მდინარაძე

„საგანგებო სხდომაზე პრეზიდენტის ბრძანებას განვიხილავთ და წარმოდგენილი იქნება შესაბამისი დეკრეტი, რომელსაც დავამტკიცებთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის სხვადასხვა ფორმას, კონკრეტულ შემთხვევებში, განსაზღვრავს დეკრეტი და მთავრობა შესაბამისად მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში.

„ამ შემთხვევაში არ არის საუბარი ტოტალურ აკრძალვებზე, ტოტალურ კარანტინზე, გადაადგილების ტოტალურ შეზღუდვებზე. აქ საუბარია მთავრობისთვის უფლებამოსილების მინიჭებაზე, რომ საკარანტინო პირობები დაადგინოს და საკარანტინო პირობებისა და, ზოგადად, ამ რეჟიმის დარღვევისთვის შესაბამის სანქციები განსაზღვროს. არ იქნება გადაადგილების ისეთი შეზღუდვა, რომ ადამიანს არ შეეძლოს ერთი ადგილიდან დანიშნულების ადგილზე მისვლა, თუმცა გარკვეული შეზღუდვები ამ მიმართულებით იქნება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ტოტალური შეზღუდვები არ იქნება, თუ ამისი უკიდურესი აუცილებლობა არ დადგება. როცა ამ დღეებში რეკომენდაციები მიეცა სხვადასხვა დაწესებულებებს, სავაჭრო ობიექტებს, რომ დახურულიყვნენ, 99%-ის შემთხვევაში იყო ამაზე მზაობა, მაგრამ იყო იშვიათი გამონაკლისები, როცა არ ასრულებდნენ რეკომენდაციებს. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, უკვე ჩვენ შეგვეძლება სახელმწიფოებრივი იძულების ღონისძიებებით ასეთი ობიექტები დროებით დავხუროთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები