“არ ვფიქრობთ, რომ შს მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს” – თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, თანამდებობიდან გადაყენების საკითხი არ განიხილება.

მისი თქმით, საზოგადოებამ ნახა, რომ 20 ივნისის ღამეს იყო სამართალდამცველების მიმართ მასობრივი ძალადობრივი აქტები და საქართველოს პარლამენტის შენობაზე შტურმის მიტანა, რამაც ძალის გამოყენება გარდაუვალი და აუცილებელი გახადა.

„შს მინისტრს თავისი პოზიცია და დამოკიდებულება ძალიან მკაფიოდ აქვს დაფიქსირებული. ეს დამოკიდებულება არის შემდეგი – 20 ივნისის ძალიან მძიმე ღამეს, როდესაც პარლამენტის შენობაზე და პოლიციელებზე შტურმი იყო, როდესაც 80 პოლიციელი დაშავდა, 30 პოლიციელი რიგებიდან გამოათრიეს და ისინი ხალხის მასაში დაზიანებული, ნაცემი აღმოჩდნენ, გარდაუვალი გახდა ძალის გამოყენება და ამას მოჰყვა სხვადასხვა მძიმე შედეგები. ბუნებრივია, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ვიზრუნოთ იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე, ვინც დაზიანება მიიღო, როგორც პოლიციელებზე, ისე მოქალაქეებზე. შემდეგ უკვე, გამოძიების შედეგების მიხედვით, იმის მიხედვით, პრობლემა სისტემური აღმოჩნდება თუ ინდივიდუალური, მინისტრი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ, რომ შს მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს “, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მსგავსი თემები