არ გვჭირდება ტყუილი ჭკუის სწავლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ რეზოლუცია  მიიღო და მასში შევიდა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებული ცვლილებები, რომლებიც „ქართული ოცნებისა“ და საპარლამენტო უმცირესობის წევრების მიერ, ერთობლივად არის ინიცირებული.

ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

​თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის სერგი კაპანაძის განცხადებას, რომლის თანახმად, მმართველი გუნდის წევრებმა ასამბლეის სხდომაზე „მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.

„საკითხის აღმოჩენა „მაგნიტსკის სიაში“ და რეზოლუციაში იყო ჩვენი თანაინიციატივა, ეს იყო ორპარტიული პოზიცია. ამ საკითხის განხილვის დროს, მე პირადად ვმონაწილეობდი გადაწყვეტილების მიღების დროს და კენჭისყრაში. ამ საკითხს მხარი დავუჭირე და მთლიანად, დელეგაციამ სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ეტაპზე დაუჭირა მხარი რეზოლუციას. ეკა ბესელიამ საკითხს მხარი დაუჭირა იურიდიულ კომიტეტზე, მე დავუჭირე მხარი საპარლამენტო ასამბლეაზე“,- განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა.

„ჩვენმა დელეგაციის წევრებმა, საპარლამენტო გამოსვლის დროს, თავისი ადგილიც კი დაუთმეს ბატონ გიორგი კანდელაკს, რადგან მან სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ითხოვა. ამ ყველაფრის მერე, სერგი კაპანაძე მოგვიწოდებს, პასუხი გავცეთ საზოგადოებას, რატომ არ ვუჭერთ მხარს საკითხს, რომელიც არის ჩვენივე ინიცირებული. ძალიან სამწუხაროა და გულდასაწყვეტი. ეს ყველაფერი არანაირი პოლიტიკური თამაშის წესებსა და კულტურაში არ ჯდება“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დელეგაციის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძეს მიმართავს კარგად გაერკვეს საკითხში, ვიდრე ბრიფინგს ჩაატარებს და ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოებას მიაწოდოს სწორი ინფორმაცია.

მისი თქმით, როგორც ჩანს, სერგი კაპანაძეს მიზანმიმართულად უნდა მსმენელის შეცდომაში შეყვანა, ან უბრალოდ, ბევრი თავისუფალი დროის ქონის გამო, გადაწყვიტა, მოაცდინოს სხვა ადამიანებიც იმ თემებით, რომლებიც სიმართლეს და სინამდვილეს საერთოდ არ შეესაბამება. 

“საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მოწოდების სიმაღლეზეა. ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება ტყუილი ჭკუის სწავლება ადამიანებისგან, რომლებიც საკითხში საერთოდ ვერ ერკვევიან“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა​.

მსგავსი თემები