არ გაბედოთ გადადგომა! – დაზარალებული პოლიციელის მეუღლის მიმართვა გიორგი გახარიას

ახალგაზრდა სამართალდამცველის, გია ჯალაღონიას მეუღლე თამუნა ქობალია სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს და შს მინისტრ გიორგი გახარიას მოუწოდებს, არ გადადგეს!

გია ჯალაღონის ერთ-ერთი ის ადამიანია, ვისაც 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილის ნასროლმა ქვამ თვალი დაუზიანა. მანამდე კი, მათ ოჯახს აფხაზეთში ყველაფრის იძულებით მიტოვება მოუხდათ. გიაც, მას შემდეგ, სამშობლოსთვის იბრძვის.

“ახლა ერთი ძალიან მაგარი ამბავი მინდა გაცნობოთ. ბ-ნი მინისტრის, გიორგი გახარიას ბრძანებით, გია საზღვარგარეთ წაიყვანეს სამკურნალოდ. ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტია. ნახევარი საათია რაც გავაცილეთ მე და პატარა ლილუმ მამიკო. მადლობა ბ-ნ მინისტრს გულისხმიერებისთვის და ასეთი საჩუქრისთვის.

კითხვაზე, გადადგეს თუ არა მინისტრი გახარია? მსურს მოგახსენოთ, რომ კითხვაც კი დანაშაულია. ბ-ნი გიორგი ყველაზე კვალიფიციური კადრია. ის ერთ-ერთი ძლიერი საყრდენი ძალაა სახელმწიფოსი. ამიტომაც ებრძვიან მავანნი.

ბ-ნო გიორგი, მოგმართავთ, როგორც ერთი დაზარალებული სამართალდამცავის მეუღლე, არ გაბედოთ გადადგომა! სწორედ რომ თქვენ უნდა გამოიძიოთ საქმის ყველა დეტალი და თითოეული დამნაშავე უნდა იქნეს დაკავებული, ვინც არ უნდა იყოს ეს! მე და ჩემს ოჯახს გვსურს მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში,” – წერს პოლიციელის მეუღლე.

მსგავსი თემები