“არ არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმურად, მეგობრულად გადაუწყვეტელი პრობლემები” – გიორგი გახარია

“პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შემთხვევითი არაა, რამეთუ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ვიზიტით ჩვენ ჩვენს მოყვარეებსაც და მტრებსაც კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ არ არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმურად, მეგობრულად გადაუწყვეტელი პრობლემები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებზე და რეგიონული დატვირთვის პროექტებზე, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ.

პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

“საქართველო და აზერბაიჯანი მყარად და ურყევად უჭერენ მხარს ერთმანეთს საერთაშორისო ფორმატებში. რა თქმა უნდა, ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია და მადლობას გიხდით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ჩვენს მოქალაქეებს შორის ადამიანურ დონეზე ძალიან თბილი და მჭიდრო ურთიერთობები, რომელიც საუკუნეების ისტორიას და კულტურულ ურთიერთობას მოიცავს. როგორც ყოველთვის, დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ვიზიტი, საუბრები და საქმიანი განხილვები იქნება უაღრესად პროდუქტიული და კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს ყველას, ჩვენს მეგობარსაც და მტერსაც, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ყოველთვის იპოვიან სწორ სიტყვებს და გზებს არსებული პრობლემების გადასაწყვეტად”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გიორგი გახარიას საქართველოს მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება მიულოცა და პირველი საგარეო ვიზიტით აზერბაიჯანში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი თემები