“არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი, ვისაც ასე ექცევიან” – სალომე ფაჟავას წარმატება კიევში

ქართველი სპორტსმენი სალომე ფაჟავა, რომელმაც კიევის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა, სოციალურ ქსელში გულისტკივილს გამოთქვამს, რომ მისი დიდი წარმატება ქართულმა ტელევიზიებმა არ გააშუქეს.  

„კიევში გრან პრის ეტაპზე ოქროს მედალი ავიღე. ამ შედეგის უკან ჩემი და ჩემი მწვრთნელების თავდაუზოგავი შრომა დგას. მისი მიღწევა სულაც არ არის იოლი. ახლახან დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართა. არც ერთ ტელევიზიას ჩემს მიერ მოპოვებული ოქროს მედლის თაობაზე სიტყვაც არ უთქვამს. გული მწყდება. ჩემი წარმატების გაშუქება აზრადაც არ მოსვლიათ. მაინტერესებს – რატომ? “, – წერს სალომე ფაჟავა.

მის სტატუსს, სოციალურ ქსელში გულშემატკივრები გამოეხმაურნენ: “არა მარტო შენს ოქროს მედალზე, არამედ არც მოჭიდავეებისა და ძიუდოისტების მსოფლიო ტრიუმფზე, არც სხვა სპორტულ მიღწევებზე დაუძრავთ სიტყვა გარდა უიშვიათესი გამონაკლისისა… მე გეტყვი შვილო, რატომაც… იმიტომ, რომ ერს წაუშალონ სიამაყისა და ეროვნული თვითშეგნების გრძნობა… იმიტომ, რომ ველურ და გაუნათლებელ, ჩამორჩენილ, კრიმინალ ხალხად ვიგრძნოთ თავი… იმიტომ, რომ ერი არ უნდა იცნობდეს თავის ღირსეულ შვილებს, რათა თავისუფლად განდიდნენ უვიცები და ქვემძრომნი… იმიტომ, რომ სამართლიანად კუთვნილი უპირატესობის შეგრძნება ჩაკლან და მაჩანჩალებად ვიქცეთ საკუთარ თვალში… გული არ დაგწყდეს… შენ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი, ვისაც ასე ექცევა საკუთარი ხელისუფლება და მისი ხელის ბიჭი მასმედია… შენ ყველა ჭეშმარიტი ქართველის საამაყო ახალგაზრდა ხარ! შენ შენი ერის ღირსეული და დასაფასებელი მომავალი ხარ!”, – წერს მოქალაქე ინტერნეტსახელით Pimen Nemsadze.  

აღსანიშნავია, რომ მხატვრული ტანვარჯიშის გრან პრიზე, ქართველმა სალომე ფაჟავამ ოქროს მედალი გურზებით გამოსვლაში მოიპოვა. ეს წლეულს მისი უკვე მეორე მედალი. 21 წლის ქართველმა ტანმოვარჯიშემ მოსკოვის გრან პრიზე, გურზებით გამოსვლაში ბრინჯაოს მედალი აიღო.

სალომე ფაჟავას 2016 წლის ბრნოს გრან პრიზე და 2018 წლის ჰოლონის გრან პრიზეც აქვს მიღებული მედლები. 2012 წელს მან ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ გამოსვლაში ბრინჯაო მოიგო. 2015 წლის ევროპის თამაშებზე კი მესამე ადგილს და ბრინჯაოს დასჯერდა. 

მსგავსი თემები