„არსებობს ზღვა ვიდეომასალა, რომლის დამუშავება პროკურატურაში ამ დროისთვისაც მიმდინარეობს“ – სახელმწიფო ბრალდება

პროკურატურის წარმომადგენელი, ამ წუთებში, საქართველო პარლამენტში, ნიკანორ მელიას წინააღმდეგ აღძრულ სს საქმეზე, დეპუტატების მხრიდან დასმულ კითხვებს პასუხობს.

როგორც სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენელმა ამირან გულუაშვილმა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, სახეზეა საქმეში არებული მოწმეების დისკრედიტაციის მცდელობა.

„რაც შეეხება საქმეში არსებულ მოწმეებს და მათი დიკრედიტაციის მცდელობას, ნამდვილად ვერ დავადასტურებ იმ ინფორმაციას, რომელიც დეპუტატებმა გააჟღერეს მოწმეებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, მოხდა აქციაზე მყოფი ადამიანების ნაწილის მოწვევა და დაკითხვა. ბუნებრივია, ესენი არიან როგორც სამართალდამცველები, ისე ის პირებიც, რომლებიც იმყოფებოდნენ პარლამენტის სასახლის წინ. მოწმეთა ბაზის გარდა, არსებობს ვიდეოჩანაწერები და არა მხოლოდ ის კადრები, რაც მედიასაშუალებებში გავრცელდა. ნებისმიერი ადამიანი ტელეფონითაც იღებდა კადრებს. პროკურატრამ მათ რამდენიმე დღის წინ მოუწოდა, მოეწოდებინათ ჩვენთვის ყველა ეს ვიდეოჩანაწერი. ამ ზღვა მასალის დამუშავება საქართველოს პროკურატურაში ამჟამადაც მიმდინარეობს.

რაც შეეხება აქ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომელიც მოწმეთა დისკრედიტაციას უკავშირებდა, თითქოს საქმეში მხოლოდ 6 მოწმე არსებობს, ჩემთვის გასაკვირია, საიდან ფლობენ დეპუტატები აღნიშნულ ინფორმაციას,“- განაცხადა ამირან გულუაშვილმა. 

შეგახსენებთ რომ კომიტეტის სხდომაზე, სალომე სამადაშვილმა წარმოადგინა სია და იმ ადამიანების ბიოგრაფია, რომელებიც ნიკანორ მელიას საქმეზე მოწმეები არიან, თინათინ ბოკუჩავამ კი აღნიშნა, რომ 6 მოწმიდან 4 სამართალდამცველია, 2 კი “ოცნების” აქტივისტი.

მსგავსი თემები